ახალი ამბები

,,აფბა’’ თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მონოპოლიის შესახებ

17 დეკემბერი, 2010 • • 1635
,,აფბა’’ თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მონოპოლიის შესახებ

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და იურისტთა ასოციაცია (აფბა)” ახალ სატრანსპორტო რეფორმას აპროტესტებს. ორგანიზაციის აზრით, რეფორმის შედეგად სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასი აუცილებლად გაძვირდება და ამ ბაზარზე მონოპოლია დამყარდება.

ბაზარზე მონოპოლიის დამყარებას აფბას პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ტენდერის პირობებიდან გამომდინარე ვარაუდობს.

ტენდერეზე კონკურსის მიხედვით, ერთ ლოტს ერთი რაიონი წარმოადგენს. პირობების მიხედვით, ერთ ლოტზე მხოლოდ ერთი კომპანიისთვის გაიცემა ნებართვა. ერთი და იმავე კომპანიას შესაძლებლობა ექნება, რამდენიმე ლოტზე შეიტანოს განაცხადი და გაიმარჯვოს კიდეც.

ამიტომ ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ თბილისის მასშტაბით 5 ლოტად გამოცხადებულ ტენდერში 5 ან 5-ზე ნაკლები მსხვილი კომპანია გაიმარჯვებს. ამის გამო, ჯანიაშვილი ვარაუდობს, რომ ბაზარზე ამჟამად მყოფ რამდენიმე ათას წვრილ მეწარმეს, ხუთი ან ხუთზე ნაკლები მსხვილი კომპანია შეცვლის, რაც, მისი თქმით, ბაზარზე მონოპოლიის დამყარების და კონკურენციის გაქრობის შანსს ზრდის.

ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრები ამბობენ, რომ კონკურენციის გაქრობა ფასების ზრდას გამოიწვევს. ამასთანავე, მათი განმარტებით, ამას სატენდერო პირობებიც შეუწყობს ხელს.

,,ტენდერის პირობებში არ არის ჩადებული, რომ ფასის რაიმე სახით რეგულირება მოხდება. კომპანიას თუ ენდომება მგზავრობის ფასის გაზრდა, მას ეს შეუძლია, უბრალოდ, ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს მერიას ამის შესახებ’’, – ამბობს ჯანიაშვილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანიაშვილი იმასაც ამბობს, რომ სატრანსპორტო რეფორმის შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს. იგი განმარტავს, რომ დღესდღეობით, უმეტეს შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსის ხაზის მფლობელი, სამარშრუტო ტაქსის მფლობელი და ამ ტაქსის მძღოლი სხვადასხვა ადამიანია. შესაბამისად, მათი თქმით, დღეს არსებულ მოქმედ 2 200 სამარშრუტო ტაქსზე რეალურად დაახლოებით 6 600-მდე ადამიანია დასაქმებული. 

“რეფორმის შედეგად მძღოლები გააგრძელებენ მუშაობას, როგორც ამას მერია მათ დაპირდა, მაგრამ ხაზისა და “მარშუტკის” მფლობელთა ნაწილი, რომელიც ვერ შეიტანს კონკურსში განაცხადს ან ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, დარჩება შემოსავლის გარეშე’’, – განმარტავენ ,,აფბაში’’.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და იურისტთა ასოციაციამ სატრანსპორტო რეფორმის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი