ახალი ამბები

ომბუდსმენი: “საგას” რეკლამა არის ზეწოლა მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე

4 დეკემბერი, 2015 • 1065
ომბუდსმენი: “საგას” რეკლამა არის ზეწოლა მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მაღაზიათა ქსელ „საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელწოდებით გავრცელებული რეკლამა, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს, არის ძალადობრივი ზეწოლა მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ რეკლამა არ შეესაბამება  მოცემული ასაკის როგორც მონაწილე, ასევე, მაყურებელი არასრულწლოვნების შემეცნებითი და ემოციური განვითარების დონეს.

“სახალხო დამცველი გმობს ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საზიანო სარეკლამო პროდუქციაში არასრულწლოვანთა მონაწილეობის ფაქტს, ისევე, როგორც მათთვის მსგავსი შინაარსის სარეკლამო პროდუქციის ხელმისაწვდომობას, და მიმართავს ამ სფეროში ჩართულ ყველა პროფესიონალს, არ შექმნან ბავშვისთვის არაკეთილსაიმედო მედიაგარემო”, – წერია ომბუდსმენის გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, შეისწავლონ აღნიშნული შემთხვევა და მოახდინონ კანონით განსაზღვრული რეაგირება, ხოლო მაღაზიათა ქსელ „საგას“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გავრცელება.

სახალხო დამცველი მიანიშნებს, რომ საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ არეგულირებს რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს. ამავე კანონით, იკრძალება არასრულწლოვანთა გულუბრყვილობისა და გამოუცდელობის ბოროტად გამოყენება და რეკლამაში ისეთი ტექსტის, აუდიო და ვიდეოინფორმაციის მოთავსება, რომელიც არასრულწლოვანს საშიშ ადგილასა და ვითარებაში აჩვენებს. საყურადღებოა, რომ რეკლამაში გადმოცემულია არასრულწლოვნის მძიმე ემოციური მდგომარეობა ბავშვის ღირსებისა და პატივის შემლახველი ფორმით.

განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC) თავის ზოგად კომენტარში N13 ეხება არასრულწლოვნის დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გზით, და აღნიშნავს, რომ ბავშვი, როგორც ინფორმაციის მიმღები, შესაძლოა, მოექცეს არასასურველი, აგრესიული, ძალადობრივი, შეცდომაში შემყვანი და პორნოგრაფიული რეკლამის ზემოქმედების ქვეშ. ამასთანავე, ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ არასრულწლოვნების დაცვა მასმედიით გავრცელებული სტიგმის შემცველი, ბავშვის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაციისგან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი