ახალი ამბები

მაგისტრანტები დაფინანსების მოლოდინში არიან

16 დეკემბერი, 2010 • 2248
მაგისტრანტები დაფინანსების მოლოდინში არიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის მაგისტრანტები შესაძლოა საფაკულტეტო დაფინანსების გარეშე დარჩნენ. ამის თაობაზე მათ ორი დღის წინ გაიგეს.

«დეკანატში მითხრეს, რომ საფაკულტეტო გრანტით სპეციალობაზე ორ ბავშვს აფინანსებდნენ და შენ უეჭველად დაფინანსდებიო… უცებ ვიგებ, რომ საფაკულტეტო დაფინანსება გაუქმდა… სად ვიშოვო ახლა 1125 ლარი?!»- ამბობს თსუ–ს მედიისა და კომუნიკაციების სოციოლოგიის მაგისტრანტი სალომე ცეცხლაძე.

სალომემ შიდა სპეციალობის გამოცდაში 95, მისი თქმით, ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა აიღო და უნივერსიტეტისგან დაფინანსებას ელოდა. სწავლის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, 15 დეკემბერს, გაიგო, რომ უნივერსიტეტი არ დააფინანსებდა. მას ფულის გადასახდელად ვადა 18 დეკემბრამდე აქვს.

ეკა უფლისაშვილი, რომელიც თსუ-ს განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის მაგისტრანტია, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ თავისი ფაკულტეტის დეკანატში პერიოდულად კითხულობდა დაფინანსების საკითხს. დეკანატში უმარტავდნენ, რომ აღნიშნული საკითხი გარკვეული არ იყო. 

ეკას თქმით, 2009 წელს დაფინანსების ასეთი სისტემა არსებობდა და დარწმუნებული იყო, რომ თავისი 95 ქულით (ყველაზე მაღალი ქულა საფაკულტეტო პროგრამაში) დაფინანსებას მიიღებდა.

მაგისტრატურაში მოსახვედრად ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება აუცილებელია, რომელსაც ერთიანი გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. 2010 წელს საგამოცდო ცენტრის სიის პირველი 923 სტუდენტი სახელმწიფო გრანტით დაფინანსდა.

როგორც წესი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტი შიდა საფაკულტეტო გამოცდას ნიშნავს, რომელზეც მაგისტრატურის აბიტურიენტი სასურველი ფაკულტეტის მიერ დაწესებულ გამოცდას აბარებს. უნივერსიტეტი მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტების 10 პროცენტს  საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებს.

უნივერისტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ უნივერსიტეტი ფაკულტეტების მიხედვით რიცხავს გრანტს, რომელიც ფაკულტეტის შიგნით სპეციალობაზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა რაოდენობაზე პროპორციულად ნაწილდება.

ამირან ბერძენიშვილი, თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ამბობს, რომ თითო სამაგისტრო პროგრამაზე წინა წლებში ორი სტუდენტი მაინც სრულად ფინანსდებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ 88 სამაგისტრო პროგრამაა. თუ საუნივერსიტეტო დაფინანსება გაუქმდება, სავარაუდოდ, 176 სტუდენტს დაფინანსების პრობლემა შეექმნება. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი თითო სემესტრში 198 ათას ლარს დაზოგავს.

დღეს გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტებს შეხვდა და უთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

«ერთ ადამიანსაც არ უთქვამს ცენტრალური ადმინისტრაციიდან, რომ დაფინანსებაში ცვლილება შევიდოდა. ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელიც მოგაწოდეს.»

გაფრინდაშვილის თქმით, სტუდენტების შიდა დაფინანსების საკითხი არ არის გადაწყვეტილი, რადგან უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრზე არის დამოკიდებული. ცენტრის მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე, უნდა გაირკვეს იმ დაუფინანსებელი სტუდენტების ვინაობა, რომლებმაც საფაკულტეტო გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღეს.

მაია გაბუნიამ, ეროვნული გამოცდების ცენტრის მთვავარმა ლოჯისტმა, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ეროვნულმა ცენტრმა, ვადების დაცვით, ათი დღის წინ გაუგზავნა უნივერსიტეტს დაფინანსებული სტუდენტების სია:

ჩვენს შეკითხვაზე – ხომ არ არის ეს პროცედურა ცოტა დაგვიანებული, რადგან სტუდენტებს სწავლის პერიოდში პრობლემა ექმნებათ, ქალბატონმა მაიამ გვიპასუხა:

«არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ უქმნის პრობლემას, რომ ჩარიცხულ ბავშვს გაუფორმოს ხელშეკრულება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ არც ერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა ჯერ არ გადაახდევინა (სწავლის საფასური).»

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტში განმარტავენ, რომ სიები უკვე მომზადებული აქვთ და უნივერსიტეტის მმართველობის განკარგულებას ელიან.

გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ფაკულტეტებში სიები გამზადებული აქვთ და დეტალებზე თანხმდებიან. თუ როდის გაიგებენ მაგისტრანტები – დააფინანსეს თუ არა, გაფრინდაშვილი ზუსტ დროს ვერ ამბობს. თუმცა სტუდენტებს ამშვიდებს, რომ ვადა გადაიწევს იმდენით, რამდენიც საჭირო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი