ახალი ამბები

სამინისტროს ბიუჯეტის მეოთხედი=იაკობაშვილის 2 წლის ხარჯებს

16 დეკემბერი, 2010 • • 1082
სამინისტროს ბიუჯეტის მეოთხედი=იაკობაშვილის 2 წლის  ხარჯებს

თემურ იაკობაშვილმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ორი წლის განმავლობაში თითქმის იმდენივე თანხა დახარჯა, რაც ამ სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჰქონდა გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

329 ათას 516 ლარი – ეს დაჯამებული თანხაა იაკობაშვილის სახელფასო, პრემიალური, სამივლინებო, სატელეფონო, ავტომობილის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებისა. სამინისტროს 2010 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი კი 374 300 ლარია.

მისი მინისტრად მუშაობის ბოლო 21– თვიან პერიოდში საშუალოდ მასზე დახარჯული თანხა თვიურად 15 691 ლარი იყო.

დღეს ამოქმედებული პორტალი opendata.ge სამინისტროების თანამშრომლების სახელფასო, პრემიალურ თუ სხვა სახის ხარჯებზე საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს.

ეს ინფორმაცია პორტალს თავად სამინისტროებმა მიაწოდეს.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროდ დაასახელა ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელმაც საიტი შექმნა; გამჭვირვალე იმ კრიტეტიუმით, რომ მათ მიერ გაგზავნილ 14–ვე კითხვას დროულად და სრულად გაეცა პასუხი.

ირკვევა, რომ 70 500 ლარი ხელფასისა და პრემიის სახით მინისტრმა 2010 წელს მიიღო, ხოლო 2009 წელს მის მიერ მიღებული ხელფასი 42 480 ლარს შეადგენდა, წლის მანძილზე დარიცხული საპრემიო შემოსავალი კი –46 020 ლარს.

თვის მანძლზე მისი ხელფასი 3 540 ლარია იყო, ამავე რაოდენობის პრემიას იგი ყოველთვიურად იღებდა.

იაკობაშვილის სამივლინებო ხარჯები 2010 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 78 729 ლარია.

თემურ იაკობაშვილს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას 2010 წელს 41 355 ლარი აქვს დახარჯული მობილურ სატელეფონო საუბრებში. 31 ათასი ლარი დაიხარჯა იაკობაშვილის სატელეფონო საუბრებზე 2009 წელს.

ავტომობილის ტექმომსახურების ხარჯები იაკობაშვილის ავტომობილზე – მიცუბიში პაჯერო 10 332 ლარია, 2009 წელს კი – 9100 ლარი.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის ბიუჯეტი 1 379 400 ლარი იყო. პლიუს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხები.

საერთო ჯამში, სარეზერვო ფონდიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ორი წლის მანძილზე 348 ათასი ლარია.

თემურ იაკობაშვილი საქართველოს ელჩია აშშ–ში. 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის ნოემბრამდე იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის საკითხებში. 2008 წლამდე– აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი