ახალი ამბები

ქართული სპორტული 2010 წელი

16 დეკემბერი, 2010 • 1398
ქართული სპორტული 2010 წელი

2011 წლის გაზაფხულზე საქართველო მსოფლიო ალაფას უმასპინძლებს 20 წლამდე მორაგბეთა შორის.

“ჩვენი კონკურენტი აშშ იყო, მაგრამ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა”, – ამბობს გია ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინათ რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების თბილისში ვიზიტის შედეგად იქნა მიღებული.

წელსვე გადაწყდა, რომ სწორედ საქართველო უმასპინძლებს 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს.

“ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვება. ფაქტობრივად, ამ ნაბიჯით საქართველო გახდა სპორტული ევროკავშირის წევრი. თუმცა, ამით არ დასრულდა ყველაფერი: ახლა ჩვენ ძალიან სერიოზული სამუშაოების ჩატარება გვმართებს. თამაშები გაიმართება სპორტის 9 სახეობაში და ამ პერიოდში საქართველოს უნდა ეწვიოს ევროპის 49 ქვეყნის 4000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი. ამას დაამატეთ კიდევ გულშემატკივრები და ფედერაციების წარმომადგენლები”- აცხადებს ლადო ვარძელაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

კიდევ რით იყო გამორჩეული 2010 წელი ქართული სპორტისთვის?   

პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ითქვას, რომ შეიქმნა სპორტის სამინისტრო, რომელიც მანამდე დეპარტამენტის სახით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში იყო გაერთიანებული.

რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მიღწევებს, თუკი აქამდე საქართველოში წარმატებას უფრო ხშირად სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მოასპარეზენი აღწევდნენ (ძირითადად მოჭიდავეები), ეს სეზონი გაცილებით უფრო წარმატებული გუნდური სახეობებისთვის აღმოჩნდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოახერხა მსოფლიო თასზე გასვლა და 2011 წელს “ბორჯღალოსნები” ახალ ზელანდიაში იასპარეზებენ.

კალათბურთელთა ნაკრები მომავალ წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში, ეს ამბავიც წლეულს გაირკვა.

წარმატებით თამაშობს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებიც, რომელმაც ახალი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 2010 წელი დაუმარცხებლად დაასრულა.

“ასევე, წარმატებით დაიწყო თამაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის” – ამბობს ლადო ვარძელაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

სხვა სიტუაციაა ინდივიდუალურ სახეობებში. თუკი აქამდე, წლების მანძილზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებიდან ჩვენი მოჭიდავეები ოქროს მედლებით მკერდდამშვენებული ბრუნდებოდნენ, წელს თითზე ჩამოსათვლელი მედალი ჩამოიტანეს უმაღლესი დონის შეჯიბრებებიდან, ოქროზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

თუმცა ამ სახეობებშიც იყო კარგი შედეგები, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდებმა აჩვენეს – ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილმა ახალგაზრდული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიდან ოქროები ჩამოიტანეს და ერთგვარი დუბლიც შეასრულეს.

კვლავ კარგ ფორმაშია 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ოქროს მედლისა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ტყვიისმსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელმაც წლეულსაც მოახერხა კარგად გასროლა და კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიოს სუპერთასი.

წელს ერთი ახალი მედალიც შემოემატა ქართულ სპორტს, მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აქამდე საციგურაო სპორტში საქართველოს წარმომადგენელს მედალი არასოდეს აუღია.

ქართული სპორტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ძიუდოში დილარ ხაბულიანის ეპოქის დასრულება, რომელიც 19 წლის მანძილეზე ხელმძღვანელობდა ფედერაციას. ახლა მისი ადგილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ალექსიძეს უკავია.

ძიუდოს ფედერაციაში ყველაფერი პრეზიდენტის შეცვლით არ დასრულებულა. მასთან ერთად შეიცვალა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც: ამირან ტოტიკაშვილი სოსო ლიპარტელიანმა ჩაანაცვლა და სპორტსმენებთან თავიდანვე მკაცრი პოზიცია დაიკავა. სწორედ ალექსიძის და ლიპარტელიანის მოთხოვნით, ქვეყნის ჩემპიონატზე თითქმის ყველა წამყვანმა ძიუდოისტმა იჭიდავა. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, ამ მხრივ უნდა გამოვარჩიოთ საქართველოს ნაკრების მიერ ევროპის გუნდური ჩემპიონატის მოგება და ასევე ვალერი ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატიდან.

“წელს შეიცვალა ფედერაციის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა ასაკობრივი და მთავარი ნაკრების მწვრთნელები. ვნერგავთ საქმისადმი ახალ მიდგომას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს წელი არ გამოდგა ისეთივე წარმატებული, როგორც, მაგალითად, 2008 წელი, მაგრამ ეს პერიოდი ბევრად ჯობდა 2009-ს. საერთოდ ვფიქრობ, რომ შედეგები უკვე მომავალი სეზონიდან უნდა მოვიდეს”, – განაცხადა გიორგი ალექსიძემ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

როგორც თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, 2010 წელი ქართული სპორტისთვის გამორჩეული იყო ცვლილებებით. თუმცა საბოლოოდ ეს რა შედეგს მოიტანს, ამას დრო გვიჩვენებს. ასევე დრო გვიჩვენებს უფრო მეტი ყურადღება მიექცევა თუ არა საქართველოში სპორტის მივიწყებულ სახეობებს – ცურვას და, რაღა თქმა უნდა, სპორტის დედოფლად აღიარებულ მძლეოსნობას, რომელიც რეალურად ყველა სხვა სახეობის უმთავრეს ბაზადაც ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი