ახალი ამბები

სამეურვეო საბჭო 149–ე სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს

15 დეკემბერი, 2010 • 1134
სამეურვეო საბჭო 149–ე სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს

თბილისის 149–ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საბჭოს თხუთმეტივე წევრი ესწრება.

სამურვეო საბჭომ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა უნდა განიხილოს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი.

გენერალური ინსპექცია 149–ე საჯარო სკოლაში დიმიტრი შაშკინის შესაბამისი მოთხოვნის შედეგად, 12 ნოემბერს შევიდა შესამოწმებლად. შაშკინის ეს მოთხოვნა მეთორმეტეკლასელების საპროტექსტო აქციას მოჰყვა, რის შემდეგაც თბილისის რამდენიმე სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს, მოგვიანებით კი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს. განცხადებას ხელი მხოლოდ 149–ე სკოლის დირექტორმა მაია გიორგაძემ არ მოაწერა, რის შემდეგაც სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა. გენერალურმა ინსპექციამ 148–ე სკოლის ადმინისტრაციის საქმიანობაც შეამოწმა, რომელსაც მაია გიორგაძის მეუღლე ხელმძღვანელობს.

გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნულ სკოლებში საქმიანობა 19 ნოემბერს დაასრულა და შესაბამისი დასკვნა სამინისტროსა და სკოლების სამეურვეო საბჭოებს მიაწოდა. დასკვნას განათლების მინისტრი 24 ნოემბერს ბრძანებით გამოეხმაურა, რომლითაც დიმიტრი შაშკინმა 148–ე და 149–ე საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს ამ სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილვა და გადაწყვეტილების სამინისტროსთვის ერთი თვის ვადაში ცნობა დაავალა.

149–ე სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომას საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის წარმომადგენელი ესწრება. ამ წუთებში საბჭო გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნაში მითითებულ დარღვევებს განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი