ახალი ამბები

„ლეიბორისტები“: მთავარი ტერორისტი სააკაშვილია

15 დეკემბერი, 2010 •
„ლეიბორისტები“: მთავარი ტერორისტი სააკაშვილია

ლეიბორისტული პარტია თბილისში განხორციელებულ აფეთქებებს საქართველოს მთავრობას აბრალებს.

«საპნის ბუშტივით გასკდა მერაბიშვილ-სააკაშვილის მითითებით განხორციელებული ტერაქტების საიდუმლო,» – განაცხადალეიბორისტული პარტიის წევრმა იოსებ შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შატბერაშვილის თქმით, შსს-ს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ექვსი დაკავებული პირიდან ერთი–ერთი გოგიტა არქანია, შსს-ს მიერ გაწვრთნილი სამხედროა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გოგიტა არქანია, რომელმაც უშუალოდ განახორციელა აფეთქება, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

შატბერაშვილი შემდეგ საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს:

«დაკავებულები გალის რაიონში მცხოვრებლები არიან. საინტერესოა, როგორ გადმოლახეს საზღვარი,  როგორ გადმოიტანეს 10 კილოგრამი ჰექსოგენი, როგორ გადაადგილდებოდნენ საქართველოში ისე, რომ აქამდე არ დააკავეს?!»

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექვსმა პირმა 2010 წლის შემოდგომაზე საქართველოს ტერიტორიაზე ხუთი ტერაქტი მოაწყო. მათ შორის, 28 ნოემბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი შეეწირა.

«ტერაქტების ორგანიზებაში რეჟიმი საკუთარ თავს არ ამხელს,» – აცხადებს შატბერაშვილი და საზოგადოებას ახსენებს, რომ «მთავარი კოჭოია (აფეთქებებში ბრალდებულ ზურაბ ყოლბაიას მეტსახელი) საქართველოში მიხეილ სააკაშვილია.»


მასალების გადაბეჭდვის წესი