ახალი ამბები

მთავრობა 2016 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას გეგმავს – შს მინისტრის განმარტებები

3 დეკემბერი, 2015 • 2601
მთავრობა 2016 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას გეგმავს – შს მინისტრის განმარტებები

საქართველოს მთავრობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას 2016 წლიდან გეგმავს, თუმცა ამისთვის კანონპროექტი ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებამ უნდა დაიცვას საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად შეამციროს ავტოავარიის შემთხვევები.

”თქვენი გულისთვის, ჩვენი მოსახლეობის უკეთესი მომავლისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას. უწყებაში მოსვლისთანავე სისტემის ანალიზის შედეგად ჩემს გუნდთან ერთად განვსაზღვრე პრიორიტეტები და ჩემს ერთ-ერთ ძირითად ამოცანად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება დავისახე,” – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მღებრიშვილის განცხადებით, ეს არის ქვეყნის რეალობის საჭიროებებზე მორგებული გეგმაზომიერი ნაბიჯების ნუსხა, რომელმაც საგრძნობ პოზიტიურ შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს – დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავტოავარიის შემთხვევები.

”შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციების გათვალისწინებით ეს პროგრამა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შეიმუშავა. ჩვენი წამოწყება არ იქნება წარმატებული მომიჯნავე უწყებების თანადგომის, მედიის, თითოეული მოქალაქის ნების და გააზრებული გადაწყვეტილებების გარეშე. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ქვეყნის უსაფრთხო გზა. გზა, რომელიც უფრო დაგვაახლოვებს დასავლურ სტანდარტებს.”

როგორც მინისტრი განმარტავს, ზემოაღნიშნული მიზნებისთვის შსს-მ იმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და თუკი პარლამენტიც მოიწონებს, მისი იმპლემენტაცია უმოკლეს ვადებში მოხდება.

”ის ემსახურება ქვეყანაში საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესებასა და მოცემული სფეროს სწორად განვითარების აუცილებლობას. კერძოდ, საგზაო უსაფრთხოების პრევენციის გაძლიერებას, ავტოპარკის გადახალისებას, საგზაო მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას. თუმცა კარგად მესმის, რომ მარტო საკანონმდებლო ცვლილებებით, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობის გარეშე, აღნიშნული პრობლემა ვერ მოგვარდება. ამიტომ ჩემ მიერ ინიცირებული პროგრამის მთავარი ნაწილი ფართომასშტაბიან კამპანიას გულისხმობს, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული. ამ კუთხით ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების, მომავალი თაობის განწყობა და მათში დასავლური მიდგომებისა და ცნობიერების გაღვივება. ამ პროგრამას, პირველ რიგში, მომავალი თაობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებთ. მინდა, რომ ისინი პატარაობიდანვე ეზიარონ იმ პრინციპს, რომ კანონმორჩილი მოქალაქე – ცივილური, განვითარებული სახელმწიფოს ფუნდამენტია,” – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჩვენ არ გვაქვს უფლება,  დავშუვათ ჩვენი მეგობრები, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, ჩვენი ახალგაზრდები ავტოსაგზაო შემთხვევებს ეწირებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს.

”მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ ამ ინიციატივის გარშემო ჩვენი ახლობლების, ჩვენი ქვეყნის გულისთვის. გავერთიანდეთ ამ გუნდის, ჩვენი მომავალი უსაფრთხოების გარშემო და დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები. ეს არის საერთო პრობლემა და იმისთვის, რომ რეალური შედეგი დადგეს, გაერთიანებულად უნდა ვიმოქმედოთ. დიახ, ეს ეხება ჩვენს აწმყოს, ჩვენს მომავალს და უფლება არ გვაქვს სხვაგვარად მოვიქცეთ. აირჩიეთ თქვენი გზა – ჩვენი დასავლური არჩევანი სწორედ ამ გზაზე გადის, სადაც კანონს ყველა პატივს სცემს და მის უზენაესობას ემორჩილება. ნუ გავუსწრებთ კანონს, დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის,” – ამბობს მღებრიშვილი.

მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ცვლილების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ხოლო მისი ამოქმედების კონკრეტულ თარიღზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდება.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.

მთავრობა 2016 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას გეგმავს © შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი