ახალი ამბები

ასანჟი შეიძლება გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ

14 დეკემბერი, 2010 • 1226
ასანჟი შეიძლება გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ

  ბრიტანეთის სასამართლომ ვიკილიქსის დამფუძნებელ ჟულიან ასანჟის პატიმრობიდან თავდებით გასათავისუფლებლად  200 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა მოითხოვა. ამის შესახებ როიტერი იტყობინება. ასანჟი დიდი ბრიტანეთის პოლიციამ შვედეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე გასულ კვირას დააკავა. სასამართლოს მიერ წაყენებული მოთხოვნის თანახმად, ვიკილიქსის დამფუძნებელი 2011 წლის 11 იანვარს ვესტმინსტერის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ამ დღეს გადაწყდება მისი შვედეთში ექსტრადირების საკითხი. შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებას ედავებიან. ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შვედეთის პროკურატურამ დამატებითი მასალების წარსადგენად დრო ითხოვა. ასანჟის გათავისუფლების შესახებ ბრიტანეთის სასამართლო 48 საათში ხელახლა იმსჯელებს.

ჟულიან ასანჟი ვებგვერდ ვიკილიქსის დამფუძნებელია, რომელმაც ბოლო თვეების მანძილზე აშშ-ს საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერა საჯარო გახადა. ის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას ყოველდღიურად აგრძელებს.

აშშ-ს ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, ვიკილიქსის წინააღმდეგ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების გამო, სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს, თუმცა უშედეგოდ. კერძო კომპანიებმა, მათ შორის, ამაზონმა, PayPal-მა, Mastercard-მა, Visa-მ და სხვებმა, სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, ვიკილიქსთან ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტეს.

 სასამართლო პროცესამდე ჟულიან ასანჟი ლონდონის „ფრონტლაინ კლუბის“ დამფუძნებლის, ვაუგან სმიტის(Vaughan Smith) სახლში იცხოვრებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი