ახალი ამბები

ეროვნული ფორუმის წევრის ზაზა ჩაკვეტაძის საქმე

14 დეკემბერი, 2010 • • 1000
ეროვნული ფორუმის წევრის ზაზა ჩაკვეტაძის საქმე

ეროვნული ფორუმის დაკავებული წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის სასამართლო პროცესს, მონიტორინგის მიზნით, შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრნონ. დღეს თავისუფალი აზრის სახლში შეკრებილი ეროვნული ფორუმის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაკავებულის საქმის მასალებს ეცნობოდნენ.

ჩაკვეტაძე 2010 წლის 21 ოქტომებრს ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით) წაუყენეს ბრალი. იმ დღეს ეროვნული ფორუმი ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეების პროტესტს შეუერთდა.

ჩაკვეტაძის ადვოკატები – სულხან კაპანაძე და ზურაბ ნეფარიძე მედიას და შეკრებილებს იმ მტკიცებულებების შესახებ  ესაუბრნენ, რომლებიც პროკურატურას მათ სამი დღის წინ წარუდგინეს.

კაპანაძის თქმით, შპს ელსავაკომ დაცვის პოლიციასთან  თანამშრომლობაზე ხელშეკრულება ჩაკვეტაძის დაჭერის დღეს გააფორმა.

„ ხელშეკრულებაში მითითებულია მისი ძალაში შესვლის თარიღი – 2010 წლის 1 ნოემბერი. ამიტომ პროკურატურისა და ბრალდების მტკიცება იმის თაობაზე, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები კანონიერად იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, არ გახლავთ სინამდვილე“, –ამბობს ის.

ადვოკატების თქმით, მათ გამოკითხეს ტელევიზიების ის თანამშრომლები, რომლებიც  ჩაკვეტაძის დაკავების დღეს იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ასევე, ამოიღეს ვიოდემასალა, რომელშიც, მათი თქმით, ნათლად ჩანს, რომ არანაირ წინააღმდეგობას ჩაკვეტაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

„სამოქალაქო პირების აგრესია იმან გამოიწვია, რომ მას ჰქონდა ოფიციალურად რეგისტრირებული, კანონიერად გაფორმებული იარაღი და ამ კუთხით დააკავეს.

როდესაც აქციაში მონაწილეები გადაადგილდებოდნენ, ჯაჭვი შეკრეს, ამ დროს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ხელი მოუხვდათ იარაღზე“, – განუცხადა ჩაკვეტაძის ადვოკატმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს.

მისი თქმით, ოფიციალურად გაფორმებული იარაღი მისი დაკავების მიზეზი არ გამხდარა, სწორედ ამიტომ წაუყენეს მას ბრალად სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

სასამართლო პროცესი 16 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც გაირკვევა, ცნობს თუ არა სასამართლო დაცვის მხარის მიერ მოგროვებულ მტკიცებულებებს  და ნახავს თუ არა ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას.

ადვოკატების თქმით, საქმის არსებითი განხილვა მტკიცებულებათა ცნობის შემდეგ გაიმართება.

შეხვედრაზე ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება საქმის მასალები ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის წარმომადგენელს გაუგზავნონ. ეკა ბესელიას ინიციატივა იყო არასამათავრობო ორგანიზაციების მხრიდან სასამართლო პროცესის მონიტორინგი.

პროცესს ესწრებოდა IRI-ის წარმომადგენელი, რომელიც შეხვედრაზე ეროვნულმა ფორუმმა მოიწვია. მან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიაკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი