ახალი ამბები

ივანიშვილი: უმწიკვლო ვერავინ ვერ იქნება, ძალიან კარგი კანდიდატურა იყო შოთაძის სახით

28 ნოემბერი, 2015 • 2015
ივანიშვილი: უმწიკვლო ვერავინ ვერ იქნება, ძალიან კარგი კანდიდატურა იყო შოთაძის სახით

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის არჩევას მთავარი პროკურორის პოსტზე მიესალმება

”უნიკალური ვერავინ ვერ იქნება და უმწიკვლოც ვერავინ ვერ იქნება, ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი არ არის აქ პიროვნება, მთავარია, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც აკრიტიკებდნენ ძალიან, როგორი წესით აირჩევა პროკურორი. თუმცა ამას მნიშვნელობა აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს. აკრიტიკებდნენ იმასაც, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის, რომ ის არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ ვერ შეეხება, თუ მან არ დაარღვია კანონი, რა თქმა უნდა. ეს იყო მთავარი ამ პროცესში. პროცესები, რაც მიდის საქართველოში და მათ რიცხვში, ის რაც მოხდა დღეს, არის ძალიან სწორი და ევროპოსკენ მიზანმიმართული”, – განუცხადა ”რუსთავი 2”-ს ბიძინა ივანიშვილმა.

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად აირჩია. შოთაძის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 15 დეპუტატი იყო. 9 ნოემბერს საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის არჩევნებში, რომელშიც სამი კანდიდატი მონაწილეობდა, მხარი დაუჭირა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. საბჭოს 14 წევრიდან ერთმა საერთოდ არც ერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი, 13-მა წევრმა ხმა მისცა ირაკლი შოთაძეს, ხოლო ერთმა ხმა მისცა როგორც შოთაძეს, ასევე, ნანა რევაზიშვილს. ვლადიმერ გაბრიჩიძეს არც ერთი ხმა არ მიუღია.

ირაკლი შოთაძე 15 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატად დაასახელა. შოთაძეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი