ახალი ამბები

პრემიერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე: ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ ან მაზეგ

1 დეკემბერი, 2015 • 1148
პრემიერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე: ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ ან მაზეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო “ზედმიწევნით” კარგად ასრულებს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო აქტივობებს, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზიდან გამოეხმაურა ნატოს მინისტერიალს, რომელიც ბრიუსელში დღეს გაიმართება. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ელოდება ნატოს ვარშავის სამიტს და ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა არ სურს ნატოში გაწევრიანების საკითხზე.

„ეს არის ნატოს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციაც, რომ მოსახლეობა წინასწარ არ შევიყვანოთ შეცდომაში, ან ერთმანეთს არ შევუქმნათ მოლოდინები, იმედები და შემდეგ არ გავუმტყუნოთ. საჭიროა, მშვიდად მივყვეთ პროცესებს, რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი, ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ, არ გვაქვს არავითარი ჩამორჩენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება „შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ ან მაზეგ – ამის დღეს განსჯა საკმაოდ რთულია, ვითვალისწინებთ რა, იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით”.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიჰყვება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმლემენტაციის გეგმას, რომელიც დროშია გაწერილი და ყველა ვალდებულება ეფექტურად სრულდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანარჩენი დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზე, რომელიც არსებობს ფართო რეგიონში.

„დღეს მსოფლიო განსხვავებულია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წელს. ყველა რეალური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და არ მოვატყუოთ ერთმანეთი. ჩვენ სრულად მივყვებით დასახულ გეგმას, მაგრამ რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ვერ გავაკეთებთ. რაც არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების, თავად ნატოს გადასაწყვეტი, ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, ამ საკითხზე არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების შექმნა. ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ პროცესს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი