ახალი ამბები

მსოფლიოს ამბიციური კამპანია შიდსთან საბრძოლველად

1 დეკემბერი, 2015 • 2664
მსოფლიოს ამბიციური კამპანია შიდსთან საბრძოლველად

1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება.

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაიწყო ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ (On the Fast-Track to end AIDS). კამპანია მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოებას და დაჩქარებას. კერძოდ: აივ ნებაყოფლობითი ტესტირების გაზრდა იმ 21 მილიონი აივ ინფიცირებულის გამოსავლენად, რომლებმაც არ იციან საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შესახებ და ვერ ღებულობენ შესაბამის დახმარებას;  მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა მსოფლიო მასშტაბით 36 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობა;  მსოფლიოში მკურნალობის პროგრამით აივ ინფიცირებული ბავშვების მოცვის გაზრდა 32%-დან 100%-მდე

კამპანიის ფარგლებში გადასადგმელი „დიდი ნაბიჯები“ გულისხმობს- 2020 წლისთვის: მკურნალობას 90-90-90, რაც მიზნად ისახავს,  აივ ინფიცირებულთა 90%-მა  იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ; აივ ინფიცირებულთა 90% იღებდეს არვ მკურნალობას; მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეული იქნას აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონის შენარჩუნება) ;ახალი ინფექციების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 500,000-ს წელიწადში; აივ ინფიცირებულთათვის შექმნილი იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო

2030 წლისთვის კი „ნაბიჯები “კიდევ უფრო ამბიციურია:

  • მკურნალობა 95-95-95
  • ახალი ინფექციები რიცხვი არ აღემატებოდეს 200,000-ს წელიწადში 
  • აივ ინფიცირებულთათვის შენარჩუნებული იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო

გაეროს შიდსის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მიშელ სიდიბეს განცხადებით, თუ 2016 წლიდან მსოფლიო ერთ სულ მოსახლეზე დახარჯავს სულ ცოტა 3 დოლარს შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე, მაშინ 2030 წლისთვის იქნება შიდსისგან თავისუფალი მსოფლიო, რაც გამოათავისუფლებს ამ დროისთვის სულ ცოტა 15 დოლარს ერთ სულ მოსახლეზე.

გაეროს შიდსის პროგრამის გათვლებით, შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად მსოფლიო ინვესტიციის ოდენობამ უნდა მიაღწიოს სულ ცოტა 31.1 მილიარდს 2020 წლისათვის და 29,3 მილიარდს -2030 წლისთვის. აღნიშნული ამბიციური მიზნები თითოეული ქვეყნისგან მოითხოვს არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას და ეფექტურ ხარჯვას.

საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელდება. 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა. 2016-2018 წლებში, ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის შემდგომ შემცირდება.

სტატისტიკა

2014 წლის ბოლოსთვის 36.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აივ ინფექციით, მათ შორის 2 მილიონი ადამიანის ინფიცირება მოხდა 2014 წელს; მაღალეფექტურ არვ მკურნალობაზე იმყოფებოდა 15.8 მილიონი ადამიანი; 1.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა;  ეპიდემიის დაწყებიდან 2014 წლის ბოლომდე გარდაიცვალა 25 მილიონზე მეტი ადამიანი.

აივ ინფექცია/შიდსი საქართველოში

2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს.პ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. შიდსი განუვითარდა 3,150 პაციენტს, 1063 გარდაიცვალა. მაღალეფექტურ არვ მკურნალობაზე იმყოფება 2,615 პაციენტი, მათგან 46 ბავშვია.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (50.2%), მათ შორის- 7.6% ჰომოსექსუალური კავშირი.

აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1,875 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 729 შემთხვევით, იმერეთი -702 შეთხვევით და აჭარა- 627 შემთხვევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი