ვიკილიკსის წინააღმდეგ და მხარდასაჭერად ინტერნეტში ომია გაჩაღებული. ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა იმ კომპანიების ვებგვერდებს მიაყენეს ზიანი, რომლებმაც ვიკილიქსისთვის მომსახურების გაწევაზე უარი თქვეს. ამის შესახებ იუწყება ტექნოლოგიური და სოციალური მედიის შესახებ ახალ ამბებზე მომუშავე ვებგვერდი http://mashable.com.
ჰაკერებმა გათიშეს შვედური ბანკის PostFinance-ის ვებგვერდი, რომელიც ამ დრომდე მიუწვდომელია. ბანკმა რამდენიმე დღის წინ ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჟულიენ ასანჟის საბანკო ანგარიში დახურა. ჰაკერებმა ასევე მოახერხეს ონლაინ გადახდის სისტემის PayPal-ის ბლოგის გატეხვა, თუმცა მისი მუშაობა მალევე აღადგინეს. თავად PayPal შეუფერხებლად მუშაობს.
Mashable-ს ინფორმაციით, ანონომურ ჰაკერთა ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე იქნება ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც „ხელისუფლების ზეწოლას დაემორჩილებიან“ და ვიკილიქსის წინააღმდეგ იმოქედებენ.
ამ დრომდე გათიშულია mastercard-ის ვებგვერდი Mastercard.com. PayPal-ის სხვა კომპანიების მსგავსად ვიკილიქსს, „არალეგალური საქმიანობის“ გამო, მომსახურება მასტერქარდმაც შეუწყვიტა.
ვიკილიქსისთვის მომსახურების გაწევაზე ასევე უარი განაცხადეს ჰოსტინგ პროვაიდერმა EveryDNS.net და Amazon-მა(Amazon Web Services).
მასტერქარდის, PayPal-სა და PostFinance-გან განსხვავებით, Amazon-მა და EveryDNS.net-მა განაცხადეს, რომ ვიკილიქსთან ურთიერთობა ტექნიკური მიზეზით გაწყვიტეს. ვიკილიქსზე მილიონობით ადამიანი შედიოდა, რაც ვებპროვაიდერების სხვა სერვისებს უქმნიდა საფრთხეს.