ახალი ამბები

კენ ლოუჩი და სხვები ასანჟს მხარს უჭერენ

8 დეკემბერი, 2010 •
კენ ლოუჩი და სხვები    ასანჟს მხარს უჭერენ

იმ 100 ათასი ფუნტი სტერლინგიდან, რომლის გადახდასაც ვიკილიკსის დამფუძნებლის ჯულიენ ასანჟის ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ აპირებდნენ, მეხუთედი ცნობილმა ბრიტანელმა კინორეჟისორმა კენ ლოუჩმა გაიღო.

ასანჟის გასათავისუფლებლად მან 20 ათასი ფუნტი სტერლინგი გაიღო. „ვფიქრობ, რომ  გვაქვს უფლება, ვიცოდეთ გარიგებების შესახებ, რომლებიც გვმართავს ჩვენ “, – განაცხადა რეჟისორმა „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და ბრიტანულ გამოცემას უთხრა, რომ  ასანჟს პირადად არ იცნობს.

ლოუჩის გარდა, 7 დეკემბერს დაპატიმრებულ ჯულიენ ასანჟს ცნობილმა ბრიტანელმა აქტივისტმა ჯემიმა ხანმა და ჯურნალისტმა ჯონ პილგერიმაც დაუჭირეს მხარი.

„ჩვენ ვიცით, რომ ჯულიენ ასანჟი მადლიერია თავისი გუნდისა და მისი მხარდამჭერი ისეთი ცნობილი ადამიანებისა, როგორიებიც არიან: კენ ლოუჩი, ჯემიმა ხანი და ჯონ პილგერი.“-წერს კრისტინ ჰრაფნსონი(Kristinn Hrafnsson), ასანჟის წარმომადგენელი თვითერზე. მან განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ასანჟს უარი ეთქვა გათავისუფლებაზე.

 დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოსამართლე ჰოვარდ რიდლმა 7 დეკემბერს ჯულიენ ასანჟს უარი უთხრა გირაოს სანაცვლოდ თავდებით გათავისუფლებაზე.

„ჩვენ შეწუხებული ვართ ამ უცნაური გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ასანჟის წარმომადგენელმა.  მისივე თქმით, ვიკილიქსი არ გაჩუმდება. აშშ-ს საელჩოების საიდუმლო მიმოწერის ყველაზე მასშტაბური გაჟონვა კიდევ გაგრძელდება: „ ვიკილიქსის მედია პარტნიორები ახალი მასალების გამოქვეყნებას მომავალშიც გააგრძელებენ“ .

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებს ვერც სამართლებრივი ინსტანციები და ვერც კორპორაციების ქმედებები.  დღეს,  EveryDNS-ის კვალდაკვალ, ვიკილიკსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა Visa   Mastercard-მა, Paypal-მა და Amazon-მა.“-იტყობინება ასანჟის წარმომადგენელი. 

კრისტინ ჰრანფონსის ინფორმაციით, აშშ-ს სენატორმა ჯო ლიბერმანმა მედიას ვიკილიქსის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. მან იერიში მიიტანა „ნიუ იორკ თაიმსზე“. გაზეთმა ვიკილიქსის მასალების გამოქვეყნება გადაწყვიტა, რაც სენატორის პროტესტის მიზეზი გახდა.

„ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ  სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ აშშ მომავალ წელს იუნესკოს პრესის თავისუფლების დღეს უმასპინძლებს.  ეს ირონიულია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში იუნესკო პრესის თავისუფლების დღეს იქ აღნიშნავს, სადაც ის(პრესის თავისუფლება) ნამდვილად არის.“-ასრულებს განცხადებას ჯულიენ ასანჟის წარმომადგენელი კრისტინ ჰრაფნსონი(Kristinn Hrafnsson).

ასანჟის პატიმრობაში დარჩენის პარალელურად იზრდება მისი მხარდამჭერთა რიცხვი ცნობილ ადამიანებს შორის და სოციალურ ქსელებზე. ფეისბუქზე გახსნილ ვიკილიქსის ოფიციალურ გვერდი უკვე მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა, თვითერზე მის სიახლეებს კი  თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი კითხულობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი