ახალი ამბები

განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული მეცნიერების შეყვარების მეთოდი

8 დეკემბერი, 2010 • • 1037
განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული მეცნიერების შეყვარების მეთოდი

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება,  საბუნებისმეტყველო საგნებს მოსწავლეები მეშვიდე კლასში ინტეგრირებულად ისწავლიან, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს განათლების სამინისტროში განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოსწავლეები ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიის შესწავლას, ზოგადად, მეცნიერების შესწავლით დაიწყებენ, რაც სამივე საგნის ინტეგრირებულ სწავლებას უკავშირდება. მერვე კლასში ეს საგნები უკვე ცალ-ცალკე შეისწავლება.

შაშკინი ამბობს, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. მინისტრი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის სწავლება ხელს შეუწყობს ბავშვებში ამ საგნების მიმართ ინტერესის გაჩენასა და გაღრმავებას.

 ,,მასწავლებლის როლი ბავშვის ამ საგნებით დაინტერესება იქნება, ანუ ბავშვს პირდაპირ კი არ აჯახებენ ფიზიკას, ქიმიას ან ბიოლოგიას, არამედ ერთი წლის განმავლობაში მასწავლებელმა ეს საგნები უნდა შეაყვაროს. ამიტომ ვაკეთებთ ლაბორატორიებსაც, ბავშვებს ინტერესი რომ ჰქონდეთ. ჩვენ მათ სწავლას ვერ დავაძალებთ, ბავშვს ის უნდა აინეტერესებდეს. ამიტომ მეშვიდე კლასში შემოდის ინტეგრირებული სწავლება, ბავშვისთვის საინტერესო რომ გახდეს მეცნიერება’’, – განამარტა მინისტრმა შეხვედრისას.

განათლების მინისტრთან შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლის რექტორები, სკოლის დირექტორები, მანდატურები, პედაგოგები, მეცნიერები, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები იყვნენ.

დიმიტრში შაშკინმა მათთან 2010 წელს განხორციელებულ რეფორმებსა და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი