თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია, რომ მოსწავლემ მასწავლებელს გარყვნილი ქმედებისთვის უჩივლა, თავდაპირველად პლატფორმა „სანდო წყარომ“ გაავრცელა.

შსს მასწავლებლის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

„სანდო წყარო“ წერს, რომ მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გოგონამ, მეგობრის დახმარებით, ვიდეოს გადაღება შეძლო და ამის შემდეგ მიმართა პოლიციას.

დაკავებული მასწავლებელი სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა და სასწავლო ნაწილის გამგის პოზიციასაც იკავებდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და რომლითაც დაკავებულია მასწავლებელი, 5-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში.