თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებს.
5 ნოემბრის სარჩელით მოსამართლე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლებიც რეგიონებში მომუშავე მოსამართლეებს, პრაქტიკულად, ართმევს შესაძლებლობას, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეთა თვითმმართველობის განხორციელებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაში.
სარჩელის თანახმად, სადავოა ორგანული კანონის 65-ე და 66-ე მუხლების ის დანაწესები, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციაზე ფიზიკურ დასწრებას სავალდებულოდ მიიჩნევს კანდიდატის დასახელებისა და არჩევნებში მონაწილეობისთვის. ვლადიმერ ხუჭუა, რომელიც თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში 2012 წლიდან მუშაობს, მიუთითებს მძიმე სამუშაო პირობებსა და საქმეთა გადატვირთულობაზე. მას, როგორც მოსამართლეს, 250-ზე მეტი აქტიური საქმე აქვს, ხოლო აპარატში მოსამართლის თანაშემწის შტატიც კი არ არსებობს და ამ ფუნქციას სხდომის მდივანი ითავსებს.
პრობლემის პრაქტიკული ილუსტრაციისთვის მოსარჩელეს 2026 წლის 10 ოქტომბრის მოვლენები მოჰყავს. მისი თქმით, ამ დღეს დედაქალაქში დაინიშნა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია. თუმცა, ვინაიდან 9-10 ოქტომბერს თეთრიწყაროს სასამართლოში 24 საათში განსახილველი გადაუდებელი საქმეები (მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც პირები იყვნენ დაკავებული) შევიდა, ხუჭუა იძულებული გახდა, უარი ეთქვა კონფერენციაზე დასწრებაზე და შაბათ დღეს მართლმსაჯულება განეხორციელებინა. მოქმედი კანონმდებლობით, კონფერენციაზე ფიზიკურად გამოუცხადებლობის გამო, მან ავტომატურად დაკარგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების (მათ შორის, საკუთარი თავის) და არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ორგანული კანონის აღნიშნული რეგულაციები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების უფლებას იცავს. მისი განმარტებით, მოსამართლის სტატუსი მოიცავს არა მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულებას, არამედ სასამართლოს ადმინისტრირებასა და თვითმმართველობაში მონაწილეობას.
მოსარჩელის თქმით, საქართველოს მასშტაბით 350-მდე მოსამართლეა. რეგიონებში მომუშავე მოსამართლეებს ხშირად უწევთ 5-6- საათიანი მგზავრობა თბილისში კონფერენციაზე დასასწრებად, რისი სამგზავრო ხარჯებიც არ ანაზღაურდება. ამასთან, რეგისტრაციის მომენტამდე უცნობია კანდიდატთა ვინაობა, რაც გამორიცხავს ჯანსაღ საარჩევნო კამპანიას, კანდიდატების ხედვების მოსმენასა და დებატებს სასამართლო სისტემის ისეთ ფუნდამენტურ გამოწვევებზე, როგორიცაა საქმეთა გადატვირთულობა, ბიუჯეტი და სასამართლოს დამოუკიდებლობა.
საკონსტიტუციო სარჩელში აღნიშნულია, რომ კონფერენციის ჩატარების მოქმედი წესი და კანდიდატის დასახელების შემზღუდავი ნორმები 2009-2013 წლებში დამკვიდრდა. მას შემდეგ ტექნოლოგიები და ლოჯისტიკური საშუალებები მნიშვნელოვნად განვითარდა. მოსარჩელის პოზიციით, სრულად შესაძლებელია დაინერგოს ფარული კენჭისყრისა და დისტანციური მონაწილეობის ისეთი ელექტრონული მოდელები, რომლებიც რეგიონის მოსამართლეებს აღარ დააყენებს დილემის წინაშე: დაიცვან მოქალაქეთა უფლებები და განიხილონ გადაუდებელი საქმეები თუ გაემგზავრონ დედაქალაქში საკუთარი კონსტიტუციური უფლებების სარეალიზაციოდ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა (მომხსენებელი მოსამართლე: გიორგი თევდორაშვილი) უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა აღნიშნულ სარჩელს არსებითად განსახილველად.
