საქსტატმა 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობა გადაიანგარიშა და მიგრაციული მონაცემები შეცვალა.

გადაანგარიშების აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2014 წლის აღწერა, 2024 წლის აღწერა, ბუნებრივი მატება და მიგრაცია მათემატიკურად ვერ ბალანსდებოდა, აცდენა კი 200 000-ს აჭარბებდა. ცვლილება ძირითადად მიგრაციულ მონაცემებს შეეხო. ყველაზე მეტად 2022-2023 წლების მონაცემები დაკორექტირდა.

საქსტატის თანახმად, შეცდომა მიგრაციის მაჩვენებლების დათვლაში იყო, ხოლო ბუნებრივი მატების (დაბადება-გარდაცვალების) მაჩვენებლები სწორი აღმოჩნდა. უწყების მიერ გადაანგარიშებული მონაცემებით, დიდი აცდენა გამოიწვია მხოლოდ ქვეყანაში შემოსული და გასული ხალხის არასწორად დათვლამ.

ახალი გადაანგარიშებით უკრაინაში ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები უფრო მეტნი დარჩნენ, ვიდრე გვეგონა. თუ აქამდე ითვლებოდა, რომ 2022-2024 წლებში საქართველოში 72 ათასი რუსეთის მოქალაქე დამკვიდრდა, ახალი მონაცემებით მათი რიცხვი 103 ათასია.

აცდენა ძველ და ახალ მონაცემებს შორის

2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3.7 მლნ-ს შეადგენდა (უფრო ზუსტად, 3.714 მლნ-ს), 2024 წლის აღწერით –  216 ათასით მეტს 3.9 მლნ-ს (3.930 მლნ-ს).

2015-2024 წლებში, ძველი მონაცემებით, ემიგრანტთა ჯამური რაოდენობა 1.150 მლნ-ს უდრიდა, იმიგრანტთა რაოდენობა კი- 1.137 მლნ-ს, ანუ უარყოფითი მიგრაციული სალდო უმნიშვნელო იყო და 13 ათასს შეადგენდა. ემიგრანტია ქვეყნიდან გამსვლელი პირი, ხოლო იმიგრანტი – შემომსვლელი.

გადაანგარიშებული სტატისტიკის თანახმად, ემიგრანტთა რაოდენობა 912 ათასამდე შემცირდა, იმიგრანტთა რაოდენობა კი 1.125 მლნ-ს გაუტოლდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიგრაციული სალდო დადებითი გახდა და 213 ათასს მიაღწია.

აღწერის მიზნებისთვის ითვლიან იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში 12 თვე იმყოფებიან ან აპირებენ დარჩენას, მათში შედიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ასევე, საქსტატის ცნობით, 2015-2024 წლებში საქართველოში 483 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 487 ათასი შეადგინა, ანუ ბუნებრივი მატება მინუს 4 ათასს უდრიდა.

ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული მონაცემების საფუძველზე, 2014 წლის აღწერიდან 2024 წლის აღწერამდე მოსახლეობა 17 ათასით უნდა შემცირებულიყო, მაგრამ 216 -ათასიანი ზრდა დაფიქსირდა, აცდენა ამ ორ მონაცემს შორის საქართველოს კვალობაზე საკმაოდ დიდია და 233 ათასს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის გადაანგარიშება ასეთი მასშტაბური აცდენის ახსნას ცდილობს.

საქსტატის ცნობით, ბუნებრივი მატების მონაცემები ზუსტია და კორექტირებას არ საჭიროებს. ცვლილება ძირითადად მიგრაციის სტატისტიკას შეეხო. უწყების განმარტებით, მიგრანტის სტატუსის მისანიჭებლად ქვეყანაში 6 თვით ყოფნაა საჭირო, აღწერისთვის 12 თვე, რაც ცდომილების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა.

რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია – განახლებული რიცხვები

ძველი მონაცემებით, 2022-2024 წლებში საქართველოში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა 72 ათასით იყო გაზრდილი (შემოვიდა 139 ათასი, გავიდა 67 ათასი), ახალი მონაცემებით კი ამ სამ წელიწადში საქართველოში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა 103 ათასით გაიზარდა (შემოვიდა 150 ათასი, გავიდა 47 ათასი). საუბარია მათზე, ვინც ქვეყანაში მინიმუმ 6 თვის ვადით დარჩა.

ეს იმას ნიშნავს, რომ გადაანგარიშების შედეგად, საქსტატის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის 31 ათასი მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე ეს მანამდე ვიცოდით.

უკრაინის მოქალაქეთა დადებითი მიგრაციული სალდო 21-დან 26 ათასამდე გაიზარდა, ბელარუსის მოქალაქეთა დადებითი მიგრაციული სალდო ორივე შემთხვევაში 11 ათასია.

რუსეთის მოქალაქეების მიგრაციული სალდო 2022-2024 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს მოქალაქეების მიგრაცია

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროდ შეიცვალა. მართალია, ჯამური სალდო ისევ უარყოფითია, მაგრამ 4-ჯერ შემცირებული. ძველი მონაცემებით, 2022-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეების ჯამური უარყოფითი მიგრაციული სალდო 117 ათასს შეადგენდა, ახალი გადაანგარიშებით კი გადინება მხოლოდ 30 ათასია. სხვაობა ამ ორ რიცხვს შორის 87 ათასს აღწევს. განსაკუთრებული აცდენა 2023 წელზე მოდის. ძველი მონაცემებით, 2023 წელს საქართველო 163 ათასმა მოქალაქემ დატოვა, ახალი მონაცემებით კი- 64 ათასმა.

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდო 2022-2024 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წელს, ძველი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი მიგრაციული სალდო 71 ათასს აჭარბებდა, განახლებული მონაცემებით კი პრაქტიკულად ნულოვანია.

საქსტატი ცდომილების კიდევ ერთ მიზეზად ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. უწყების ცნობით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლა, ან პირიქით, სათანადოდ არ აღირიცხება.