ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მემარცხენე კანდიდატმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხმათა 52% მიიღო.
არჩევნების მეორე ტურში მან დაამარცხა მემარჯვენე კონკურენტი, შინაპატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიო ბოლსონარუ.
ბოლსონარუ, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა, შედეგს „აუხსნელს“ უწოდებს და მის გაუქმებას ითხოვს.
„ბევრი რამ არის გასარკვევი, სანამ ბრაზილია უბრალოდ შეეგუება ამ არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომელიც ამ არჩევნებში მოხდა“, — თქვა ბოლსონარუმ, მიუთითა რა, რომ ხმის მიცემის ორი საათით გახანგრძლივებამ „თამაშის შუაგულში წესები შეცვალა“.
საარჩევნო უბნების ღიად დატოვება ორივე კანდიდატმა მოითხოვა ტრანსპორტის შეფერხებებისა და ცუდი ამინდის გამო შეფერხებების მიზეზით.
ეს პირველი შემთხვევაა ბრაზილიაში, როდესაც პირველ ტურში დამარცხებულმა კანდიდატმა საბოლოოდ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი იყო 2003-2011 წლებში და 2023 წლიდან.
ფლავიო ბოლსონარუ მამამისის ნაცვლად იყრიდა კენჭს, რომელიც 2022 წელს ბოლო არჩევნებში წაგების შემდეგ ლულას წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობაში დამნაშავედ ცნეს და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაკეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის სასჯელს სახლში იხდის. ბოლსონარუებს მხარს უჭერდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ბრაზილიის არჩევნების შედეგები ეწინააღმდეგება ბოლო წელიწად-ნახევრის ტენდენციას რეგიონში, სადაც ძალაუფლებაში მემარჯვენე ლიდერები მოდიან. მემარჯვენე კანდიდატებმა მოიგეს ბოლო შვიდი საპრეზიდენტო არჩევნები კოლუმბიაში, ჩილეში, ჰონდურასში, ბოლივიაში, პერუში, ეკვადორსა და კოსტა რიკაში.
