პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.
ამის შესახებ ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.
ნინო აბრამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ შვილს დღეს მას შემდეგ ელაპარაკა, რაც მისი ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
აბრამიშვილის თქმით, შვილმაც და ადვოკატმაც უთხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნავს, მას სხვადასხვა წყაროდან აქვს ინფორმაცია, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.
თუმცა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტს პენიტენციური სამსახური უარყოფს და აცხადებს, რომ მას პაემნებით სარგებლობა პროკურატურის მოთხოვნით აქვს აკრძალული და ამის გამო დედასთან შეხვედრა ვერ ხერხდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ არსებული ვითარებისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დავით ფეიქრიშვილს პროკურატურასთან უშუამდგომლა, რის შემდეგაც დღეს, 19 ოქტომბერს, სატელეფონო ზარის უფლება ერთჯერადად მისცეს.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
შსს აცხადებდა, რომ დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, რის გამოც ორივე მათგანი დააკავეს.
რაც შეეხება მის ძმას, გიორგი ფეიქრიშვილს მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
