„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ეხმაურება ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას და მას სოლიდარობას უცხადებს.

განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს.

„ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის სახიფათო ტენდენციაზე.

მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს“, – წერია განცხადებაში.


ჟურნალისტ ვახო სანაიას, Facebook-ზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად- 30 დღით. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა. სანაია სხდომას არ ესწრებოდა, ის პოლიციამ სახლთან დააკავა.

Facebook პოსტები შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ეხებოდა:
  • პირველ პოსტში სანაია წერდა – „14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
  • მეორე პოსტში – „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა შვილო ეშმაკმა“.

22 ივლისს ჟურნალისტს მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.

იხილეთ: