„პენ საქართველო“ დაკავებულ ჟურნალისტს, ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს მისი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებას. მათი განცხადებით, ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია.
„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევამ და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებამ გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების პირდაპირ სამიზნედ აქცია.
ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს ხელისუფლების კრიტიკისთვის აპატიმრებენ, ხოლო თავისუფალი სიტყვა დასჯის საფუძვლად იქცევა, დემოკრატია აღარ არსებობს.
ვახო სანაიას დაპატიმრებას ერთ კონკრეტულ შემთხვევად ვერ განვიხილავთ − ეს განსხვავებული აზრის დევნისა და მოქალაქეების დაშინების სისტემური პოლიტიკის ნაწილია“, – წერია განცხადებაში.
ჟურნალისტ ვახო სანაიას, Facebook-ზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად 30 დღით. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა.
22 ივლისს მას მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.
