გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა ცხოველთა დამცველს ჯოხი დაარტყა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
„გარედან ვიღებდი ვიდეოს… [თანამშრომელი ქალბატონი] სრულიად არაადეკვატურია, ჯოხით გამოგვეკიდა გარეთ, ჯებირებს გარეთ, მეც და ერთ ქალბატონსაც გადაგვარტყა ჯოხი“, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებული „ქართლის ამბებთან“.
ადგილზე ცხოველთა უფლებადამცველები რამდენიმე საათია აქციას მართავენ. აქტივისტები ითხოვდნენ თავშესაფარში შესვლას, რათა ადგილზე გასცნობოდნენ სიტუაციას, ასევე ლეკვების გამოყვანას.
აქციის ორგანიზატორი, ვადო მაჭავარიანი ამბობს, რომ მოქალაქეებმა თავშესაფრიდან ლეკვების წამოიყვანეს.
„200-მდე ლეკვი გამოვიყვანეთ, ბევრი ადამიანია ძალიან, ბევრი მოხალისეა, საბედნიეროდ, აქ არიან მანქანები, რომლებიც ამ ლეკვებს წაიყვანენ ან მომავალ პატრონებთან, ან კლინიკებში, სადაც უმკურნალებენ“, – ამბობს ვადო მაჭავარიანი.
„გორში 300-მდე ლეკვი ჰყავთ და ცივი წყლის შლანგი მიშვებული, მშიერ-მწყურვალები, მკვდრებთან ერთად ცოცხლები გამოკეტილები! საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები“, – დაწერა მარიამ ცერცვაძემ.
