დღეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, “ცუკა” ფონდი, „სამართალი ცხოველებისთვის“) ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ პრობლემებისა და ცხოველების გაუჩინარების შემთხვევების შესახებ ისაუბრეს.
ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, 2025 წლიდან მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და თბილისში სისტემატურად ავრცელებენ ინფორმაციას მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების შესახებ – მათ შორის არიან უკვე სტერილიზებული, ვაქცინირებული, საჭდით მონიშნული, ჯანმრთელი და ადამიანებთან ადაპტირებული ცხოველები.
Animal Project-ის თანადამფუძნებელმა, ნათია ჩიქოვანმა ბრიფინგზე ჩამოთვალა ის 5 კომპონენტი, რომელთა ერთდროულად ამოქმედება აუცილებელია პრობლემის ჰუმანურად და ეფექტიანად მოსაგვარებლად:
- მიუსაფარი ცხოველების დათვლა და CNVR მეთოდით (დაჭერა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია და პირვანდელ გარემოში დაბრუნება) პროგრამის განხორციელება
- პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა (რომელიც დღემდე არ კონტროლდება)
- ცხოველების ქუჩაში მიტოვების მკაცრი კონტროლი (რომელიც დღემდე არ არის დასჯადი ქმედება)
- პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია (გასტერილებული მიუსაფრების ბაზაში რეგისტრაცია დღემდე არ ხორციელდება)
- მოსახლეობისთვის სტერილიზაცია-კასტრაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება (მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე არ ახორციელებს საკუთარი ცხოველის მოვლა-პატრონობის საბაზისო წესებს).
ნათია ჩიქოვანის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ აღირიცხება ცხოველის სტერილიზაციისა და ვაქცინაციის თარიღი, მიმკედლებლის ინფორმაცია, აყვანისა და დაბრუნების ზუსტი ადგილები – შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაამოწმონ, სად გადაიყვანეს ცხოველი და დაბრუნდა თუ არა იგი კანონითა და პროგრამის პირობებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე.
ბრიფინგზე „Zero Strays Georgia-ს“ წარმომადგენელმა, მარიამ შეყილაძემ საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უღელტეხილთან მცხოვრები ძაღლების გაუჩინარების შესახებ ისაუბრა. საქმე ეხება 35-ზე მეტ ცხოველს:
„უკვე მეხუთე წელია, მოქალაქე სოფო აბაიშვილი და მისი მეგობრები საჩხერის უღელტეხილზე უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ მიტოვებულ ძაღლებს უვლიან. ეს გზა ქვეყანაში ცნობილია, როგორც ცხოველების მიტოვების ადგილი. ამ ცხოველების რაოდენობა 60-მდე მერყეობდა.
ხუთი წლის განმავლობაში მათ აჭმევდნენ, საკუთარი ძალებით ასტერილებდნენ, ცრიდნენ, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობდნენ და გამოჯანმრთელებამდე დროებით შეფარებასაც უზრუნველყოფდნენ. ამ ყველაფერს ეს აქტივისტები მოხალისეობრივად აკეთებდნენ.
2026 წლის 21 ივნისს ყველა ძაღლი ადგილზე იყო. 24 ივნისს კი მათი გარკვეული რაოდენობა უბრალოდ გაუჩინარდა, 29 ივნისისთვის ნახევარი უღელტეხილი მთლიანად გაწმენდილი იყო ძალებისგან. ჯამში, გაუჩინარებულია 25-ზე მეტი ზრდასრული ძაღლი და 10-ზე მეტი ლეკვი. მას შემდეგ გავიდა უკვე ერთი თვე და, სამწუხაროდ, ამ ცხოველების კვალს ვერავინ მიაგნო“.
მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ეს ცხოველები არსად წაუყვანიათ. თუმცა, ორგანიზაციების განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მიღებული მსგავსი ცნობები აჩენს საფუძვლიან კითხვებს პროგრამის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციები მოითხოვენ, ცხოველების მიტოვებით ცნობილი ტერიტორიები სათვალთვალო კამერებით აღიჭურვოს, გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც ცხოველებს ქუჩაში ტოვებენ, და სახელმწიფოს რეაგირება მიმართული იყოს პრობლემის მიზეზების აღმოფხვრისკენ და არა უკვე ქუჩაში აღმოჩენილი ცხოველების გაურკვეველი მიმართულებით გადაყვანისკენ.
ორგანიზაციების მოითხოვენ:
-
ყველა საეჭვო გაუჩინარების შემთხვევაზე დაიწყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, ხოლო შესაძლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ;
-
სრულად გაიცეს კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ცხოველების აყვანის, მკურნალობის, სტერილიზაციის, ვაქცინაციის, გარდაცვალებისა და დაბრუნების შესახებ მონაცემები;
-
მოქალაქეებსა და უფლებამოსილ დამკვირვებლებს მიეცეთ თავშესაფრებში ვიზიტისა და პირობების შემოწმების შესაძლებლობა;
-
შეიქმნას და რეალურად ამოქმედდეს ცხოველთა ერთიანი, გამჭვირვალე ელექტრონული ბაზა, სადაც თითოეული ცხოველის საჭდის ან მიკროჩიპის ნომრით შესაძლებელი იქნება მისი ისტორიის გადამოწმება;
-
გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს;
-
შესყიდვებისა და ტენდერების შესახებ გამოქვეყნდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის -კომპანიების გამოცდილება, ვეტერინარული პერსონალის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს შედეგები.
