დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მედიის კითხვებს უპასუხა, სადაც უკრაინის ომისა და ევროკავშირის უსაფრთხოების ფონზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ მომავალსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზეც.

“ევროსკოპი” დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სხვა კანდიდატი ქვეყნები წინ მიიწევენ. მედიის წარმომადგენელმა მეცოლას ასევე სთხოვა, მიემართა იმ ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ასეთი იყო: „ჩემი გზავნილია, რომ არ დანებდეთ.“

„ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის და ამას ვეუბნებით ყველა ქვეყანას. ჩვენ მოუთმენლად ველით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას, თუმცა, დამსახურება არის დამსახურება და თითოეული ქვეყანა ფასდება ინდივიდუალურად. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ განხილვებს ყველა სახელმწიფოსთან”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ კიდევ ერთი შეკითხვა დაისვა პროსამთავრობო “იმედის” მხრიდან, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ენერგოუსაფრთხოებას შეეხებოდა. “იმედის” ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები შავი ზღვის რეგიონის მზარდ როლზე საუბრობენ და იკითხა: დადგა თუ არა დრო, ევროკავშირმა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ და გააღრმაოს მასთან დიალოგი.

ამ კითხვაზე პასუხისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პარტნიორების სანდოობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგომომარაგებაზე, პირველ რიგში, გვჭირდება საიმედო პარტნიორები და საიმედო თანამშრომლობა“, – აღნიშნა მეცოლამ.