“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს ღია წერილი მისწერა. წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
ღია წერილი იწყება იმ პროპაგანდისტული ნარატივით, თითქოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არა “ქართულმა ოცნებამ”, არამედ თავად ევროკავშირმა შეაჩერა. ამის შემდეგ, კობახიძე გადადის წერილის მთავარ გზავნილზე – ის შეშფოთებას გამოთქვამს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პროპალესტინური აქციის დაშლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კობახიძე ინტერესდება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების პოზიციით ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ, კობახიძე აკრიტიკებს ევროკავშირს და მას დემოკრატიის უკუსვლაში ადანაშაულებს.
ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ კობახიძის წერილს:
“როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია. ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად, საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის.
სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის.
ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.
ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს – როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?
იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შესაძლოა იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.
საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?
როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?
სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.
საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის – რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?”, – წერია წერილში.
დანიიის დედაქალაქი კოპენჰაგენში პრო-პალესტინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია Maersk თანამშრომლობს ისრაელთან სამხედრო და ლოგისტიკურ გადაზიდვებში. კომპანია ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა აქტივისტებმა მაინც გამართეს აქცია, მათ შორის Maersk-ის ოფისთან. ოფიციალური ინფორმაციით, მათი ნაწილი შენობაში შევიდა, ნაწილმა კი მიმდებარე ქუჩის გადაკეტვა სცადა. იმ მოტივით, რომ აქტივისტები კერძო საკუთრებაში შევიდნენ, პოლიციამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოწოდებას. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს იძულებით დაატოვებინეს ტერიტორიას. ამ პროცესში ისინი იყენებდნენ ხელკეტებს და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე აქტივისტი.
2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საქართველო აღარ შეეცდება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკეების გახსნას 2028 წლის ბოლომდე. ამით დაიწყო ფართომასშტაბიანი პროტესტი, რომელიც სხვადასხვა ფორმით, უკვე 538-ე დღეა გრძელდება.
28 ნოემბრიდან დეკემბრის პირველ კვირის ჩათვლით პერიოდში სპეცრაზმელებმა სასტიკად დაარბიეს აქცია. გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები. დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ ასობით მოქალაქეს. მათ შორის, ჟურნალისტებს, რომლებსაც წაართვეს და დაუზიანეს ტექნიკა. დაკავებული მოქალაქეები საუბრობდნენ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაზე იზოლატორებში.
გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს, BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. 5-დღიანი გამოძიების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ ნივთიერება, რომელიც 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამეს გამოიყენეს არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი. უწყებაში არ აკონკრეტებენ რა ნივთიერება გამოიყენეს სხვა დარბევების დროს, მაგალითად – 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით პერიოდში.
წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ დასჯილა არცერთი სამართალდამცველი. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, 2026 წლის 7 მაისს ბრალი წარუდგინეს სამი ყოფილ და 1 მოქმედ სპეცრაზმელს. ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით ბრალად ედება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, სხდომა დახურულია, ამიტომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია საქმის მასალებზე.
