„ფორმულას“ გამოძიებიდან 2 დღის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი დააკავა.

5 მაისს „ფორმულას“ ეთერში, ელისო ჯარიაშვილის გადაცემაში საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა, სადაც განაცხადეს, რომ იციან, ვინ დაესხა თავს ჟურნალისტ გურამ როგავას 2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს. ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან.

საგამოძიებო რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, პროკურატურამ ელისო ჯარიაშვილი და გურამ როგავა გამოკითხა.

დღეს, 7 მაისს კი, პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დააკავეს.

სპეცრაზმელი გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში დაესხა თავს. მას სახის ძვლები გაუტყდა და დაუზიანდა კისრის მალები. მას შემდეგ წელიწად-ნახევარი გავიდა, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუვლენია სავარაუდო დამნაშავე.

ამავე თემაზე: