13 ოქტომბრიდან, ანუ დღეიდან, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლო ამბობს, რომ ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა.

კობახიძეს ვადა 4 თვეში, 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – წერია სასამართლოს განცხადებაში.

გუშინ, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე კობახიძემ „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმიდან“ თვითგანრიდებას ითხოვდა, თუმცა მას უარი უთხრეს.

მანანა კობახიძე აცხადებდა, რომ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი იყო. გარდა ამისა,  სხვადასხვა ტრიბუნიდან საჯაროდ აქტიურად აკრიტიკებდა №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს).

იხილეთ:


საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ასაკრძალი პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებს და „გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.