სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება. ამის შესახებ მან ფრანგულ საერთაშორისო რადიოსთან (RFI) ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებსა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე ისაუბრა.
ინტერვიუში ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, აწუხებდა თუ არა რუსეთის პოლიტიკოსების გაფრთხილებები, რომ სომხეთი შესაძლოა „მეორე უკრაინა“ გახდეს.
„არ მგონია“, – უპასუხა ფაშინიანმა. შეკითხვაზე, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ ეს არ მოხდებოდა, მან განაცხადა: „დიახ, ასე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ“.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის მიზანი არასდროს ყოფილა და არც ახლა არის რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება.
„პირიქით, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება გვინდა“, – განაცხადა მან.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში შეცვლილი ვითარების გამო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ძველებური ვეღარ იქნება.
„მიუხედავად ყველაფრისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. რა შეიცვალა? ადრე კონფლიქტი გვქონდა აზერბაიჯანთან, ახლა კი მშვიდობა გვაქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ასევე დაადასტურა, რომ სომხეთი რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად აპირებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა 4 ოქტომბერს, ირანის სახელმწიფო მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ქვეყნის განვითარების კურსის შეცვლა კარგ შედეგს არ მოიტანდა. მისი თქმით, სომხეთისთვის ყველაზე ცუდი სცენარი „ახალ უკრაინად“ ქცევა იქნებოდა.
სომხეთმა 2025 წელს მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ფაშინიანის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ერთ-ერთი შესაძლო არჩევანია, თუმცა ამისთვის სომხეთმა მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა თავისთავად მიზანი არ არის.
