ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომელიც სოციალურ მედიაში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ხელოვნურად ხდის პოპულარულს.
ორგანიზაციის ცნობითვე, 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში ორ დღეში შეიქმნა:
„მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელისა და გვარის მქონე 415 არაავთენტური ანგარიში. ანგარიშების უდიდესი ნაწილი სულ ორ დღეში, 2026 წლის 25-26 აგვისტოს შეიქმნა. მათი უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებას იყენებს, ანგარიშების დიდი ნაწილი დახურულია და ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდებს იწერს“, – ამბობს ორგანიზაცია.
ანგარიშის მიხედვით, ქსელის ანგარიშები, მათ შორის InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე, იწონებენ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს.
ორგანიზაციის ცნობით, მოწონებული პოსტების დიდი ნაწილი ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეს, ევროკავშირთან ურთიერთობასა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხება.
„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ:
„გამოვლენილი ქსელის 424 ანგარიშიდან 303 შექმნილია 2026 წლის 25 აგვისტოს, ხოლო 109 – მომდევნო დღეს, 26 აგვისტოს. შესაბამისად, ქსელის 97% ორი დღის განმავლობაში ამოქმედდა. ამ ანგარიშების ფეისბუქის საიდენტიფიკაციო ნომრები (ID) ერთმანეთთან ახლოს, ვიწრო დიაპაზონშია განთავსებული, რაც მათ მოკლე დროში მასობრივ რეგისტრაციაზე მიუთითებს“.
ISFED-ის განცხადებით, ასევე, ქსელში გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი რამდენიმე ანგარიში – მათი შექმნის თარიღები ემთხვევა იმ პერიოდებს, როდესაც შეიქმნა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი კოორდინირებული არაავთენტური ქსელი. ამ ქსელზე ორგანიზაცია ადრე წერდა და მისი დიდი ნაწილის Meta-მ საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა.
„გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ანგარიშები ერთი ცენტრიდან იმართება და მათი მიზანი მმართველი პარტიის პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.
ამასთანავე, ორგანიზაცია ამბობს, რომ ქსელში გამოვლინდა 11 ანგარიში, რომლებიც 2024 წლის იანვარსა და აპრილში შეიქმნა. მათგან სამი- 2024 წლის 22 იანვარს, ხოლო შვიდი 19-23 აპრილის პერიოდშია შექმნილი.
საყურადღებოა ისიც, რომ მონიტორინგის მიხედვით, 424 ყალბი ანგარიშიდან 295 პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებულ გამოსახულებას იყენებს. გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა 22 ანგარიში, რომლებიც პროფილის ფოტოდ ცნობილი სპორტსმენების, მსახიობებისა და რეჟისორების სურათებს იყენებდნენ.
ვრცლად ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
