უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა არის ინვესტიცია ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არ უნდა გახანგრძლივდეს.
ასე გამოეხმაურა ის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
ამ გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყეტილება მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პუტინისთვის ეს „საჩუქარი“ აგრესორს ომის გასაგრძელებლად დამატებით მილიარდებს მისცემს. მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება რუსეთთან მკაფიო და ხანგრძლივი დეესკალაციის შეთანხმების გარეშე აშკარა სისუსტეა.
„მშვიდობა არასდროს მიიღწევა სისუსტით. დღეს კიევში იმყოფებოდნენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები, ორპარტიული დელეგაცია და მე მათია მადლიერი ვარ ასეთ რთულ დროს უკრაინაში სტუმრობისთვის. მათ იკითხეს: რა არის საჭირო ომის დასასრულებლად? პასუხი მტკიცე უნდა იყოს. საჭიროა სანქციები ლინდსი გრემის კანონპროექტის შესაბამისად, საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა სიცოცხლის დასაცავად და საჭიროა ზეწოლა რუსეთზე მისი ომის გამო. დღეს კი ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის საუბარი შედგა. საუბარი, რომელსაც სულ სხვა რამისკენ მივყავართ.
ახლახან ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის შესახებ. მას შემდეგ რუსული დარტყმები და ხალხის ტანჯვა მხოლოდ გაიზარდა. მხოლოდ გასულ კვირას განხორციელდა რუსული სარაკეტო დარტყმა პრილუკიში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მართვადი ავიაბომბები ჩამოყარეს კრამატორსკში ჩვეულებრივ საქალაქო ავტობუსებზე და ხორციელდება მუდმივი თავდასხმები კიევის ენერგოინფრასტრუქტურასა და დნიპროს, ხარკოვის, ოდესისა და ჩვენი სხვა ქალაქების სიცოცხლისუზრუნველყოფის ობიექტებზე. დაიღუპა ათობით და დაიჭრა ასობით ადამიანი.
ბრძოლის ველზე დასახული მიზნების მიღწევის უუნარობას რუსები სწორედ ასეთი ტერორით ანაზღაურებენ. წელს რუსეთი ბრძოლის ველზე უფრო სუსტია, ვიდრე ომის ნებისმიერ სხვა ეტაპზე. სწორედ ამიტომ ეყრდნობა პუტინი ტერორს. სწორედ ამიტომ ფსონს ჩურჩულით მიღწეულ კულუარულ გარიგებებზე დებს, რათა რუსეთმა გარკვეული შეღავათი მიიღოს, მოიგოს მეტი დრო და მეტი შესაძლებლობა ომის გასაგრძელებლად.
რუსეთისთვის სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება რუსეთთან მკაფიო და ხანგრძლივი დეესკალაციის შეთანხმების გარეშე აშკარა სისუსტეა. ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და აძლევს მას საშუალებას, მოკლას მეტი, აწარმოოს ომი უფრო დიდხანს, კიდევ უფრო ნაკლები პატივი სცეს ამერიკას და კიდევ უფრო მეტი ზარალი მიაყენოს მსოფლიოს.
უკრაინა მზადაა გადადგას სიმეტრიული ნაბიჯები დეესკალაციისკენ და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. ჩვენი დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ნავთობობიექტებზე არის პასუხი უკრაინის ენერგოსექტორის წინააღმდეგ რუსეთის მრავალწლიან ტერორისტულ კამპანიაზე. უკრაინა არ წაუკიდებს ცეცხლს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, თუ რუსეთი არ გაანადგურებს ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურას. სწორედ ასეთ შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკას და გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი ძალა ასეთი კომპრომისის მისაღწევად.
პუტინისთვის საჩუქრები არ მოიტანს მშვიდობას ან რაიმე სარგებელს ცივილიზებული სამყაროსთვის. რუსეთი დიზელს შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა არის ინვესტიცია ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არ უნდა გახანგრძლივდეს. საჭიროა რეალური დეესკალაცია რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე.
ჩვენ ვიმედოვნებთ ამერიკის სამართლიან მხარდაჭერას სიცოცხლისა და უკრაინელი ხალხის დასაცავად და იმას, რომ შეერთებული შტატები შესაბამისად მტკიცე საუბარს წარმართავს რუსეთთან. მტკიცეს და არა სუსტს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
