სამოქალაქო აქტივისტი სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე სასაფლაოზე იძალადეს, რის შემდეგაც ქვეყნის დატოვება მოუწია.

ყანჩელის თქმით, ახლა უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება, თუმცა დამნაშავეების დასასჯელად ბრძოლას აპირებს და სარჩელი შეიტანა.

„წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც. სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ. მომიწევს აგიხსნათ, რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში, 6 პირი იყვნენ. გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დატოვა თავისი დანაშაულის ადგილი“, — წერს ყანჩელი სოციალურ ქსელში.

ყანჩელის თქმით, პოლიციელების თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო მისი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე, სქესობრივი იძულების კვალდაკვალ იხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ მის სამოქალაქო პოზიციას.

„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა. რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული“, — წერს ყანჩელი.