ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ეუთოში გამართეს კვლევის პრეზენტაცია სავარაუდო ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის აქციების დროს თბილისში.
კვლევის ავტორები არიან: გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოტე და ლელა ცისკარიშვილი.
დოკუმენტის თანახმად, ეს არის შერეული მეთოდოლოგიის ჯვარედინი კვლევა, რომელმაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების 524 მონაწილე მოიცვა. მათი გამოკითხვა 2026 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა.
რა დაემართათ ადამიანებს ქიმიური გამღიზიანებლების ზემოქმედების შემდეგ, კვლევის თანახმად:
- 29% — სმენის პრობლემები (დაქვეითება ან შუილი) წელიწადზე მეტის შემდეგაც აღენიშნებოდა;
- 23% — თავის ტკივილი წელიწადზე მეტის შემდეგაც;
- 10% — მხედველობის პრობლემები (თვალის ყველა სიმპტომი) წელიწადზე მეტის შემდეგაც;
- 12% — სუნთქვის პრობლემები (სუნთქვა, ხველა, ფილტვის დაავადება) წელიწადზე მეტის შემდეგაც;
- 41% — მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები წელიწადზე მეტის შემდეგაც;
- 37% — ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (შფოთვა, განწყობა, გაღიზიანებადობა, უძილობა) წელიწადზე მეტის შემდეგაც.
გამოკითხულთა 71%-ზე ორმა ან მეტმა ქიმიურმა საშუალებამ იმოქმედა. სამივე (ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი) საშუალების ზემოქმედება გამოკითხულთა 31%-მა განიცადა. წყლის ჭავლის პირდაპირმა მოხვედრამ ხანგრძლივი სიმპტომების რისკი გააორმაგა. გამოკითხულთა 34%-ს მინიმუმ ერთი სიმპტომი 12 თვის შემდეგაც აღენიშნება. კვლევის თანახმად, მხოლოდ 29%-მა მიმართა ექიმს, ამიტომ ხანგრძლივი ზიანი, სავარაუდოდ, სრულად აღრიცხული არ არის.
კვლევის თანახმად, 2024 წლის თბილისის საპროტესტო აქციების დროს ქიმიური გამღიზიანებლებისა და წყლის ჭავლის სისტემების ზემოქმედების შემდეგ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემები დაფიქსირდა.
„მიღებული შედეგები ყურადსაღებია არა მხოლოდ მწვავე ზემოქმედების სიმძიმის გამო, არამედ მოხსენებული სიმპტომების ხანგრძლივობის თვალსაზრისითაც: რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სიმპტომები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ზოგ შემთხვევაში კი ზემოქმედებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგაც ნარჩუნდებოდა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენდა. მიღებული შედეგები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ [აქციის დაშლის] მეთოდების ზემოქმედება მხოლოდ ხანმოკლე ან გარდამავალ დისკომფორტად მივიჩნიოთ. ამავდროულად, კვლევა არ ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და არ განსაზღვრავს ძალის კონკრეტული გამოყენების შემთხვევების კანონიერებას ან პროპორციულობას. თვითშერჩეული ნიმუში, რეტროსპექტული თვითმოხსენება, საკონტროლო (შესადარებელი) ჯგუფის არარსებობა, შეზღუდული კლინიკური დოკუმენტაცია და გამოყენებული ნივთიერებების იდენტობის ან კონცენტრაციის დამოუკიდებლად დადგენის შეუძლებლობა — ეს ყველაფერი ზღუდავს საბოლოო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.
ეს შეზღუდვები ასევე მიუთითებს შემდგომი კვლევების მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე. სამომავლო გამოკვლევები უნდა მოიცავდეს გრძელვადიან კლინიკურ დაკვირვებას, ობიექტურ სამედიცინო შეფასებას, ზემოქმედებისა და დოზის უკეთეს აღწერას და გამოყენებული ნივთიერებების დამოუკიდებელ ქიმიურ ანალიზს. კვლევამ ასევე უნდა შეისწავლოს განმეორებითი და კომბინირებული ზემოქმედების ეფექტები, ასევე ქიმიური გამღიზიანებლების, წყლის ჭავლის სისტემების, ფიზიკური ძალის გამოყენებისა და ადამიანების გაქცევის ან დეკონტამინაციის (მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდის) შეზღუდვის ერთობლივი გავლენა“, — ნათქვამია კვლევაში.
კვლევა მიუთითებს შენახული ნივთმტკიცებების სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის საჭიროებაზე — რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ შეინახა ტანსაცმელი ან სხვა ნივთები, რომლებმაც აქციების დროს ქიმიური ზემოქმედება განიცადა, 125-მა კი განაცხადა, რომ ეს ნივთები გაურეცხავი დატოვა.
„აღნიშნული ნივთები, თუ ისინი ხელმისაწვდომია და სათანადოდ არის შენახული, უნდა განიხილებოდეს დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო და ქიმიური ანალიზისთვის. ასეთი ანალიზი დაგვეხმარება დადგინდეს, დარჩა თუ არა ქიმიური ნარჩენები, მოხდეს გამოყენებული ნივთიერებების იდენტიფიცირება ან მახასიათებლების დადგენა და ობიექტური მტკიცებულებებით გამყარდეს კლინიკური მონაცემები და თვითმხილველთა ჩვენებები“, — ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ავტორების თანახმად, დამოუკიდებელი კლინიკური, სასამართლო-სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური და მულტიდისციპლინური გამოკვლევა აუცილებელია, რათა უფრო ზუსტად დადგინდეს, რა ნივთიერებები იქნა გამოყენებული, როგორ იქნა ისინი გამოყენებული, რა ჯანმრთელობის შედეგები მოჰყვა ამას და მიღებული ინფორმაცია დაეხმაროს საბოლოო დასკვნის გაკეთებას იმის თაობაზე, იყო თუ არა მათი გამოყენება კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული.
