რუსთავის ციხის პატიმრებმა გიორგი დავითაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანი დეესკალაციის საკანში ჩაიყვანეს.
დავითაძე, რომელმაც რამდენიმე მცირე ზომის საგანი გადაყლაპა, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს მანამ, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.
ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ ღამით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის ციხეში შესვლის შემდეგ.
„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე. დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, მათი რწმუნებულები ასევე გაესაუბრნენ იმ პატიმრებს, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
„მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“, — აცხადებს ომბუდსმენი.
გიორგი დავითაძის დედამ, ირმა დავითაძემ მადლობა გადაუხადა ყველა პატიმარს, ვინც მის შვილს „გვერდში დაუდგა“.
„პატიმრებმა გიორგის მხარდასაჭერად ხმაური ატეხეს და ამის გამო ისინი დასაჯეს და გადაიყვანეს დეესკალაციაში. ამას აპროტესტებს გიორგი — მანამ არ გადავალ „ვივამედში“, სანამ ისინი არ არ იქნებიან ამოყვანილი თავიანთ კამერებშიო.
მე მინდა მადლობა მოვუხადო ყველა პატიმარს, ვინც ასე გვერდში დაუდგა გიორგის. გიორგიც არის ის პიროვნება, რომელიც თავგანწირვით იბრძოლებს თქვენთვის და არაფრით არ გადადის საავადმყოფოში მანამ, სანამ თქვენ არ ამოგიყვანენ დეესკალაციიდან“, — განაცხადა დავითაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“. უწყება აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით მას „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.
