კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოში ფუნქციონირებდა, დახურვის შესახებ განაცხადა. ფონდის განცხადებით, დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც მათ აღარ შეუძლიათ ადგილზე შეასრულონ თავისი, როგორც პოლიტიკური ფონდის, ძირითადი მისია.

ფონდი წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა პროექტს აფინანსებდა, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით. არაერთმა ქართველმა სტუდენტმა სწორედ ფონდის სტიპენდიით მიიღო განათლება ევროპაში.

თავის დროზე სწორედ კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიით ისწავლა გერმანიაში, ჰანოვერის უნივერსიტეტში, „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. 2003 წელს ადენაუერის ფონდის დაფინანსებით ის ჰანოვერის უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის მაგისტრი გახდა.

ნეტგაზეთმა ნიკოლოზ სამხარაძესთან დაკავშირება სცადა იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს ადენაუერის ფონდის ყოფილი სტიპენდიატი საქართველოში ფონდის დახურვასთან დაკავშირებით. თუმცა მან ჩვენს ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ნიკოლოზ სამხარაძის ბიოგრაფიაში, ადენაუერის ფონდის ყოფილი სტიპენდიატობის გარდა, უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სხვა ფაქტებიც მოიძებნება.

ნიკოლოზ სამხარაძე 2005 – 2010 წლებში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისში მუშაობდა ექსპერტის პოზიციაზე; ხოლო 2010 – 2016 წლებში  გაეროს განვითარების პროგრამაში, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი იყო.

ერთ-ერთი, ვინც „ქართული ოცნებიდან“ ადენაუერის ფონდის დახურვას გამოეხმაურა, შალვა პაპუაშვილი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ თავად შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანულ ფონდს აკრიტიკებს, 17 წლის განმავლობაში თავად მუშაობდა გერმანულ ფონდებში. 2003 – 2007 წლებში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი იყო, შემდეგ კი, 2007-2020 წლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ). მუშაობის ბოლო წლებში ორგანიზაციაში იკავებდა საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც.