იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის – „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენების შემდეგ სენატში დისკუსია შედგა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია.

ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს.

იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ფილმის ჩვენება და დისკუსია იტალიელი სენატორის, მარკო ლომბარდოს ინიციატივით, და „ფედერალისტების“, „აფხაზთა კრების“, „თავისუფლების ინსტიტუტის“ და „ტაბულას“ ორგანიზებით გაიმართა.

„ფედერალისტების“ ცნობით, დისკუსიაში მონაწილეობდნენ იტალიის როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა: Azione-ს სენატორი მარკო ლომბარდო; მმართველი Fratelli d’Italia-ს დეპუტატი და პარტიის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ფილინი და “დემოკრატიული პარტიის” სენატორი ფილიპო სენსი. სპიკერებს შორის ასევე არიან აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ჯაკომო ფერარა და პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე გიგა ბოკერია. დისკუსიას Il Foglio-ს ჟურნალისტი და ავტორი მიკოლ ფლამინი გაუძღვა.

რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანია 2022 წელს დაიწყო. მას შემდეგ გამოფენები და ფილმის სხვადასხვა ვერსიის ჩვენებები საქართველოს არაერთ ქალაქში, აშშ-ს კონგრესში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში გაიმართა.

კამპანიის მიზანია, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარება როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.