შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 1 ოქტომბერს რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და მოუწოდებს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ხელი არ შეუშალონ „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს.
შსს მათ ასევე მოუწოდებს, არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.
უწყება ამბობს, რომ ევროპის მოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ამბობს უწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს:
„არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“.
უწყების განცხადებით, შსს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
ენმ-ის აქცია დღეს, 17:00 საათზეა დაანონსებული.
