ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე-ლუსო“ აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მიერ გავრცელებულ „ცილისმწამებლურ განცხადებასთან“ და მასში მითითებულ „განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან“ დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.
„ლანჩხუთმა“ ქალთა ეროვნული ლიგის ფარგლებში „ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა და ბანერი გაშალა, წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
კლუბი ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა „ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ“.
განცხადებაში წერია, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა გაასაჯაროონ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც საზოგადოება, მათი აზრით, დარწმუნდება ბიზნესმენის უდანაშაულობაში.
კლუბი ამტკიცებს, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილე ფეხბურთელთა ნაწილს მათი კლუბის მიმართ გააჩნიათ პირადი ინტერესი და წყენა, რომელიც წარმოიშვა მათთან სამუშაო ხელშეკრულების არგაგრძელებით, რის გამოც მოუწიათ ,,ნიკე-ლუსოს“ შემადგენლობის დატოვება.
მათივე მტკიცებით, სიცრუეა, თითქოს კლუბი გასახდელში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის გამო დააჯარიმეს.
იხილეთ განცხადება სრულად:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის სოციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებას და ამავე გუნდის ფეხბურთელთა მიერ გამოხატულ პროტესტის ფორმას.სამწუხაროდ, გვიწევს შეხსენება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თანასწორია, როგორც ქართველი ეროვნების ფეხბურთელი ქალი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი.ჩვენი საფეხბურთო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს პროტესტში მონაწილე და მხარდამჭერი პირები დღემდე მოიხსენიებენ ,,მოძალადედ“ და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლომ მიიჩნია უდანაშაულოდ და გაათავისუფლა სხდომათა დარბაზიდან.კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ და გავასაჯაროოთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები.მტკიცებულებები, რომელთა გაცნობაც თითოეულ თქვენგანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ.აღსანიშნავია, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილე ფეხბურთელთა ნაწილს ჩვენი კლუბის მიმართ გააჩნიათ პირადი ინტერესი და წყენა, რომელიც წარმოიშვა მათთან სამუშაო ხელშეკრულების არგაგრძელებით, რის გამოც მოუწიათ „ნიკე-ლუსოს“ შემადგენლობის დატოვება.პროტესტში მონაწილე ,,ნიკე-ლუსოს’’ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელს და მის უახლოეს ქალ ფეხბურთელ მეგობარს, რომელიც ჩვენი რწმენითა და სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური ბრალდების მთავარი ორგანიზატორია, საფეხბურთო კლუბი არ დაუტოვებიათ საკუთარი ნებით. უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ ახსნა-განმარტებას, თუ რატომ მოხდა მათი წაშლა კლუბის კუთვნილ საკომუნიკაციო ,,ჩატებიდან’’ და რატომ არ ვუხანგრძლივებდით კონტრაქტს.იმედია, საზოგადოებას გაუჩნდება კითხვა – თუ 2026 წლის 29 სექტემბერს საფეხბურთო მატჩის ჩაშლით გამოწვეული პროტესტი განპირობებული იყო ფეხბურთელი ქალის მხარდაჭერის სულისკვეთებით, პროტესტში მონაწილე ფეხბურთელებმა რატომ მათივე ნებით არ დატოვეს ,,ნიკე-ლუსოს’’ რიგები? რატომ სურდათ ,,ნიკე-ლუსოს’’ რიგებში დარჩენა?,,ნიკე-ლუსოს’’ ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ბაზაზე, შესაბამისად, ჩვენს კლუბს არ აქვს რაიმე სახის წვდომა ბაზაზე განთავსებულ ვიდეოკამერების ჩანაწერებთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ გასახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეომონიტორინგი. უფრო მეტიც, ,,ნიკე-ლუსოს’’ სამუშაო ოფისში საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე.ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის’’ სოციალური გვერდით საზოგადოებას მიეწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურმა ,,ნიკე-ლუსო’’ დააჯარიმა გასახდელში ვიდეომონიტორინგის განხორციელების ფაქტზე. 2026 წლის 27 აპრილის, N გ-1/028-1/2026 სახელმწიფო აუდიტის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს გასახდელ ოთახს. დაჯარიმება ტექნიკურ შინაარს შეიცავდა.მოხარული ვიქნებოდით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა გაგიზიაროთ დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და კლუბის ყოფილ პრეზიდენტს შორის არსებული მიმოწერები; მათი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-კამერის ჩანაწერები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და პროტესტში მონაწილე ქალ ფეხბურთელთა შორის საგულდაგულოდ წაშლილი ესემესები, რომელიც აღდგენილ იქნა ექსპერტის მიერ; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალი ფეხბურთელის ფოტოსურათები და სხვა ათეულობით არსებული წინააღმდეგობა, რომელიც დადგინდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ცრუ ჩვენებასა და უტყუარ მტკიცებულებებს შორის.ჩაშლილი საფეხბურთო მატჩით და მოედანზე დადგმული პერფორმანსით არ დაზარალდება ჩვენი საფეხბურთო კლუბი, რომელიც უფრო მეტი შემართებით უზრუნველყოფს საერთაშორისო მასშტაბით ქართული ფეხბურთის განვითარებასა და წარმატებას.
საფეხბურთო მოედანი არ არის ადგილი, სადაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად, საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის’’ მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან და მასში მითითებულ განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან დაკავშირებით მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სასამართლოში კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახავია.
ჩვენი გუნდი საფეხბურთო მოედანზე გპირდებათ მხოლოდ საფეხბურთო პერფორმანსს, ლამაზ-სანახაობრივ ფეხბურთს და დიდ გამარჯვებებს, სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს სასამართლო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“.
იხილეთ ასევე:
