აშშ-ის ორმა დემოკრატმა და ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიმართეს და მოუწოდეს, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ქვეყანაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუკავშიროს.
მიმართვას დემოკრატი სენატორები, პიტერ უელჩი და ტიმ კეინი და რესპუბლიკელი ტომ ტილისი აწერენ ხელს. მათი თქმით, აზერბაიჯანთან გრძელვადიანი პარტნიორობა კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.
სენატორები წერენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა, „ტრამპის მარშრუტის“ – TRIPP-ის ხელშეწყობა და „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე მუხლის მოქმედების დროებით შეჩერება არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის „კარტ-ბლანში“ ქვეყნის შიგნით რეპრესიებისთვის.
მათი განცხადებით, აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმრის არსებობა საერთაშორისო შეთანხმებების მნიშვნელობას აკნინებს. სენატორები რუბიოს მოუწოდებენ, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობად ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება განიხილოს.
მიმართვაში კონკრეტულად არიან მოხსენიებული აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერი ალი ქერიმლი, მედიის ექსპერტი ალესკერ მამედლი, ეკონომისტი გუბად იბადოღლუ, საარჩევნო ექსპერტი ანარ მამედლი, „რადიო თავისუფლების“ ეკონომიკური მიმომხილველი ფარიდ მეჰრალიზადე, უფლებადამცველი რუფათ საფაროვი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თოფიგ იაგუბლუ და ჟურნალისტი ულვია გულიევა (ულვია ალი).
სენატორებმა მაგალითად მოიყვანეს ბელარუსის შემთხვევა და განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა მსგავსი მიდგომა აზერბაიჯანის მიმართაც უნდა გამოიყენოს.
აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მხარეებმა 10 თებერვალს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი თანამშრომლობის მიმართულებებს შორის რეგიონულ დაკავშირებადობას, ენერგეტიკას, ვაჭრობასა და ტრანზიტს, ეკონომიკას, ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებს, ასევე უსაფრთხოებასა და თავდაცვას მოიცავს.
