გაეროს 51-მა ქვეყანამ, საქართველოს ჩათვლით, მიიღო უკრაინის მხარდამჭერი განცხადება, რომლითაც რუსეთს მოუწოდეს, დათანხმდეს სრულ ცეცხლის შეწყვეტას და დაიწყოს მოლაპარაკებები.
განცხადება ნიუ-იორკში, გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის (UNGA) 81-ე სესიის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა წაიკითხა.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, რომელიც განაგრძობს რუსეთის დამპყრობლური ომის წინააღმდეგ ბრძოლას… უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ მშვიდობა გვსურს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და არსებითად ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტნიორმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს მოწოდებას შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების, კომერციული მიმოსვლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფისკენ, ასევე უკრაინული მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.
მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ დააბრუნოს უკანონოდ დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული ყველა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, ასევე ყველა სამხედრო ტყვე და ინტერნირებული პირი.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლების პარალელურად გაიმართა.
„საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ ,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედებებად გადასაქცევად“.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ – მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
