თერჯოლაში გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობის დროს ბრმა ტყვია მოხვდა.

გარდაცვლილი თერჯოლის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო.

„ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან, ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული. იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის … ნათელი შენ სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს“, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთ ახლობელს საფანტის თოფი გაუვარდა და მას მოხვდა. დაშავებული მოსწავლე მომხდარიდან 3 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.