დააკავეს ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება.

როგორც ადვოკატმა გიორგი ანთაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა, ძმების სახლებში პარალელური ჩხრეკა გუშინ, ღამის 03:00 საათზე ჩატარდა.

„ჯერ არც მასალები გადმოუციათ, არც ბრალი არ წაუყენებიათ. დავით ფეიქრიშვილის სახლში ჩხრეკის პროცესს ვესწრებოდი. სახლიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის არ არიან დაკავებულები და არც ფული არ ამოუღიათ“, — ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაკავებულია ფეიქრიშვილების დაცვის სამსახურის თანამშრომელიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი — წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები – გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.