ახალი ამბები

ვიკილიქსმა მისამართი შეიცვალა

3 დეკემბერი, 2010 •
ვიკილიქსმა მისამართი შეიცვალა

არაერთი კიბერშეეტვის შემდეგ ვიკილიქსის ვებ მისამართი  გუშინ საბოლოოდ გაითიშა.  ამის შესახებ გადაწყვეტილება პროვაიდერმა კომპანიამ EveryDNS.net-მა მიიღო. პროვაიდერის განცხადებით, ვიკილიქსის გარდა, კიდევ 500 ათასამდე ვებგვერდს ემსახურებიან. ვიკილიქსზე განხორციელებული კიბერშეტევები კი EveryDNS.net-ის მთელ ინფრასტრუქტურას და სხვა ვებგვერდებს საფრთხეს უქმნიდა.

ვიკილიკსი ამჟამად შვეიცარიულ ვებ მისამართზე,  WikiLeaks.ch-ზეა ხელმისაწვდომი . გარდა ამისა, ინტერნეტში არაერთი ვებგვერდი შეიქმნა, რომლებმაც, უბრალოდ, გადააკოპირეს ვიკილიკსზე გამოქვეყნებული დოკუმენეტები. ვიკილიკსის კლონი საიტების მისამართები აქ არის ჩამოთვლილი http://wikileaks.info/, მათგან ზოგიერთი ჩვეულებრივ მუშაობს, ნაწილი კი კვლავ გათიშულია.

საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გამომქვეყნებელმა საიტმა მხარდაჭერების მოსაგროვებლად აქტიურად დაიწყო სოციალური ქსელების გამოყენება, მათ შორის არიან– ფეისბუქი და ტვიტერი. სწორედ ვიკილიქსის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან  გახდა ცნობილი, რომ მათი ვებმისამართი პროვაიდერმა გათიშა.   ტვიტერტზე რეგულარულად ქვეყნდება უახლესი ამბები ვიკილიქსთან დაკავშირებით.

შვეიცარიულ მისამართზე გადასვლის შემდეგ ვიკილიქსმა ვერ მოასწრო ახალი ჰოსტინგ კომპანიის მოძებნა, ამიტომ ახლა მისი მისამართი  IP მისამართის სახით ჩანს, საიტზე შესვლა კი ჩვეულებრივ, ბრაუზერში WikiLeaks.ch-ის ჩაწერითაა შესაძლებელი.

„ეს შეტევა ჩვენს მისიას ვერ შეწყვეტს, სამაგიეროდ, ეს არის საგანგაშო ნიშანი იმისა,  არის თუ არა კანონის უზენაესობა აშშ-ში“-განუცხადა ბრიტანულ გამოცემა გარდიანს ვიკილიქსის დამფუძნებელმა ჟულიენ ასანჯმა, რომლის წინააღმდეგ შვედეთში გაუპატიურების მუხლით საქმეა აღძრული და მასზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

მას შემდეგ, რაც ვებგვერდმა ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერის გამოქვეყნება დაიწყო, მასზე არაერთი კიბერშეტევა განხორციელდა, თუმცა იგი აქამდე ყოველთვის ახერხებდა ძველ მისამართზე, wikileaks.org-ზე დაბრუნებას.  დასავლურ მედიაში წერენ, რომ, რაც უფრო მეტი ვებგვერდი გადაიტანს ვიკილიკსის მასალებს საკუთარ გვერდზე, ვიკილიქსს საფრთხე მით უფრო ნაკლებად დაემუქრება.  სპეციალისტების აზრით, ინტერნეტში საიდუმლო მასალების ასლების დიდი რაოდენობით გავრცელება ვიკილიქსის წინააღმდეგ ბრძოლას აზრს დაუკარგავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი