საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა ეხმაურება ნაკრების აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ ევროპული კურსისადმი მხარდაჭერა გამოეხატათ.

„არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მართლა მაინტერესებს — ამ ბიჭმა გამაგებინოს, რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები, ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემს შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა), რომ თავისი აზრი გამოეხატათ.

მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?
რა გამოდის, 26 ფეხბურთელიდან 4 მა „გაუძლო“ ძალების დაწნეხვას?

რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?“ — წერს ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე.

გიორგი გველესიანმა Geo Team-თან ინტერვიუში, რომელიც მისი პირველი ინტერვიუა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ ფეხბურთელების უმრავლესობის მხარდაჭერა ევროპული კურსისადმი, რაც მათ 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ გამოხატეს, „სხვადასხვა ძალებისგან“ ზეწოლის შედეგი და ერთგვარად გაუაზრებელი ქმედება იყო.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები და მხარდამჭერი განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელებში. პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის ხელშეუვალი აქსიომა და მანტრა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ, ბატონებო, ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს, ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა. რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა. დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად, სხვადასხვა ფობიას — არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია, ბუნებრივია, ეს ჩვენს პოლიტიკაში. მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ, მე რამე მატკინონ, იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი“ — თქვა გველესიანმა.

რუსული კანონის მიღების, ასევე 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებამ ცხადყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღიად შეწყვიტა ევროინტეგრაციისკენ სვლა, საქართველოში მასშტაბური უწყვეტი პროტესტი დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. მომდევნო თვეებში, ევროკავშირისკენ სვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე იმ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რითაც „ოცნება“ დემონსტრანტებს უსწორდებოდა, ნაკრების ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა არაერთი პოსტი და ე.წ. სთორი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ბუდუ ზივზივაძე.