ახალი ამბები

ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხა იზრდება

3 დეკემბერი, 2010 • • 1236
ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხა იზრდება

პრეპარატი თიანეპტინი ფსიქოტროპულ ნივთიერებად ცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პრეპარატის გამოყენების სამართლებრივი რეგულირება მოხდება.

ამ საკითხზე დღეს პარლამეტში იმსჯელეს როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. სხდომების შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ცვლილება “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”  კანონში შიდის.

კანონპროექტის ინიციატორის, ანდრო ალავიძის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით ღიად რჩება ზოგიერთი ფსიქოტროპული მედიკამენტის არალეგალურ გამოყენებასთან ბრძოლის საკითხი. ზოგიერთი მათგანი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს და, ჩვეულებრივ, ინიშნება ექიმის მიერ.  ალავიძის თქმით, ქართულ რეალობაში ხშირია ასეთი პრეპარატების არასამედიცინო მიზნით მოხმარების შემთხვევები. კანონპროექტი სწორდ ერთ-ერთი ასეთი პრეპარატის, თიანეპტინის ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხაში გათვალისწინებას და მისი გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას ითვალისწინებს.

პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღება  იწვევს სეფსისს, სხეულის კიდურებისა და სხვა ადგილების დანეკროზებას, განგრენას და სხვა მძიმე შედეგებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  ასევე განიხილეს აღნიშნული კანონპროექტის თანამდევი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”. პროექტის თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალს ემატება “თიანეპტინი” და ისაზღვრება მისი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი