ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ონლაინ საფრთხეებისგან ბავშვების დასაცავად შექმნილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას და ონლაინ სერვისებისგან უსაფრთხო ანგარიშების შექმნის ვალდებულებას.

როიტერსის ცნობით, ეს ნაბიჯი მოჰყვა მსგავს ინიციატივებს ავსტრალიაში, ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რაც ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას იმ გავლენის შესახებ, რომელსაც სოცქსელები ახდენენ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

„დღეს ჩვენი ბავშვები იყენებენ ზოგიერთ ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიას, რაც კი ოდესმე შექმნილა, მაგრამ ის არ არის დამზადებული ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების გათვალისწინებით“, – განუცხადა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შემოთავაზებული „ევროკავშირის ბავშვთა აქტი“ „დააწესებს მკაფიო საზღვრებს ციფრულ სამყაროში ისევე, როგორც ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ რეალურ სამყაროში“.

შემოთავაზებული „ევროკავშირის ბავშვთა აქტი“ ოთხ ძირითად საყრდენზეა აგებული:

1. სოციალურ მედიაზე წვდომის გადავადება

„ევროკავშირის ბავშვთა აქტი“ ითვალისწინებს, რომ ბავშვებს სოციალური მედიის სერვისებში დამოუკიდებელი ანგარიშების შექმნა მხოლოდ 15 წლის ასაკიდან შეეძლებათ.

13-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის აქტი მოითხოვს მშობელთა კონტროლს, რაც მეურვეებს საშუალებას მისცემს, შექმნან მინი-ანგარიშები, რომლებზეც ბავშვებს წვდომა მეურვის ანგარიშის მეშვეობით ექნებათ. ეს მათ საშუალებას მისცემს, წვდომა ჰქონდეთ მათ ასაკზე მორგებულ სოციალურ მედიასა და ვიდეო-გაზიარების პლატფორმებზე. გარდა ამისა, მინი-ანგარიშებზე ხელმისაწვდომი სერვისები შექმნილი უნდა იყოს უსაფრთხოების მექანიზმებით, როგორებიცაა შეზღუდული სოციალური კონტაქტები და ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა დღეში ერთ საათამდე, რაც ხაზს უსვამს მეურვეების როლს ონლაინ სივრცეში ბავშვების დამოუკიდებელი და უსაფრთხო განვითარების მხარდაჭერაში.

3-დან 13 წლამდე ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომა არ ექნებათ, მაგრამ შეეძლებათ გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი, ბავშვებისთვის უსაფრთხო ვიდეო-გაზიარების სერვისები მეურვის მიერ მართული ანგარიშების მეშვეობით. ამ მიზნით, პლატფორმებმა მშობლებს ან მეურვეებს უნდა შესთავაზონ მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, რათა ბავშვისთვის მოზრდილის მოწყობილობის გადაცემისას შეიზღუდოს მოწყობილობის გამოყენება მხოლოდ ამგვარი სერვისებით და შეიზღუდოს ბავშვის ეკრანთან გატარებული დრო მაქსიმუმ ერთი საათით დღეში.

2. უსაფრთხოება დიზაინის დონეზე

 „ევროკავშირის ბავშვთა აქტი“ რიგ ვალდებულებებს აკისრებს ყველა იმ ონლაინ სერვისს, რომელიც 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებს სთავაზობს სოციალური მედიის სერვისებს, ვიდეოების გაზიარებას, ონლაინ ვიდეოთამაშებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიონებსა და ჩეთბოტებს.

ეს ვალდებულებები მოიცავს დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციებისა და პროფილზე დაფუძნებული სარეკომენდაციო არხების აკრძალვას, რომლებიც არასრულწლოვნებს მავნე შინაარსის ე.წ. „კურდღლის სოროებში“ ითრევს. ის ასევე კრძალავს უსასრულო ჩამოსქროლვას შეჩერების წერტილების გარეშე, ჯილდოების ხრიკებს, შეტყობინებებს ძილის საათებში და ასევე, უცხო პირთა მხრიდან არასასურველ კონტაქტს. გარდა ამისა, AI კომპანიონები და ჩეთბოტები გამორთული უნდა იყოს და არ შეეძლოთ პიროვნებათაშორისი ურთიერთობების იმგვარად სიმულირება, რაც ემოციურ დამოკიდებულებას იწვევდეს.

არასრულწლოვანთა პროფილები პრივატული უნდა იყოს, ხოლო გეოლოკაციაზე, კამერასა და მიკროფონზე წვდომა გამორთული. ონლაინ სერვისებმა ასევე უნდა შესთავაზონ არასრულწლოვნებს მომხმარებლების მარტივად დაბლოკვისა და დადუმების (mute) ფუნქციები, დროის მართვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და უსაფრთხო სარეკომენდაციო სისტემები, რომელთა კონტროლი, დარეგულირება და გადატვირთვა (reset) არასრულწლოვნებს თავად შეეძლებათ.

3. ასაკის დადასტურება კონფიდენციალურობის დაცვით

„ევროკავშირის ბავშვთა აქტის“ თანახმად, ონლაინ სერვისებმა და აპლიკაციების მარკეტებმა ასაკის დადასტურების ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ. მათ შეუძლიათ, მაგალითად, გამოიყენონ ევროკავშირის ასაკის გადამოწმების აპლიკაცია, რომელიც არ ინახავს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ან ბიომეტრიულ მონაცემებს და ამით აკმაყოფილებს კონფიდენციალურობის დაცვის უმაღლეს სტანდარტებს. წევრი სახელმწიფოები აქტიურად იქნებიან ჩართული ამ ეკოსისტემის შექმნაში.

გარდა ამისა, სოციალური მედიის სერვისებისა და ვიდეო-გაზიარების პლატფორმების პროვაიდერებს მოეთხოვებათ ასაკის გადამოწმება, როდესაც მომხმარებელი ახალ ანგარიშს ხსნის.

რაც შეეხება არსებულ ანგარიშებს, პროვაიდერებმა მომხმარებლის ასაკი გონივრულ ინდიკატორებზე (მაგ. ანგარიშის შექმნის თარიღი, საკრედიტო ბარათის მონაცემები) დაყრდნობით უნდა შეაფასონ.

4. ეფექტიანი აღსრულება

ეს წინადადება ცვლის „მტკიცების ტვირთს“ და ძალიან დიდი ონლაინ პლატფორმების პროვაიდერებს აკისრებს პასუხისმგებლობას, დაამტკიცონ, რომ მათი სერვისები „დიზაინის დონეზე უსაფრთხოა“.

ისინი ვალდებულნი იქნებიან კომისიასა და დამოუკიდებელ აუდიტორს წარუდგინონ შესაბამისობის გეგმა. აუდიტორმა კი საფუძვლიანად უნდა შეაფასოს ახალი სერვისი, მახასიათებელი ან ფუნქცია. კომისიას შეუძლია მოსთხოვოს პროვაიდერს გამოსასწორებელი ზომების გატარება, თუკი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამისობის გეგმა რაიმე ხარვეზს შეიცავს.

აღსრულების ჩარჩო ეფუძნება „ციფრული სერვისების აქტისა“ და „ხელოვნური ინტელექტის აქტის“ ფარგლებში უკვე არსებულ სტრუქტურებს და იყენებს დამკვიდრებულ მექანიზმებსა და არსებულ ექსპერტიზას. ინიციატივა შემოიღებს დაჩქარებულ სააღსრულებო პროცედურებს პროვაიდერების წინააღმდეგ “ევროკავშირის ბავშვთა აქტთან” შეუსაბამობის შემთხვევაში, რა დროსაც კომისიამ გამოძიება 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.