„თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელ ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით“ – ამბობს ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადების შესახებ.
14 სექტემბერს ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში მორიგი ვრცელი განცხადება გაავრცელა. იგი საუბრობს ირანისა და საქართველოს ურთიერთობებსა და ფერეიდნელ ქართველებზე:
„ირანის ავიაკომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ ბოლო გადაწყვეტილებას, ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს. მისი ეკონომიკური ზიანი შესაძლოა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე არ აისახოს; ის შეიძლება შეეხოს ვაჭრობას, ბიზნესმენთა გადაადგილებას, სტუდენტებს, ოჯახებს და ორ საზოგადოებას შორის გაცვლის მრავალფეროვან, დიდ თუ მცირე ქსელებს.
მაგრამ მისი ადამიანური შედეგი უფრო ღრმაა: საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა. ფერეიდანში ოთხასი წლის განმავლობაში ენისა და იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიული საკითხი არ არის. ეს საზოგადოება დღეს შეიძლება საქართველოს სოციალური კაპიტალის ნაწილი გახდეს ერთ-ერთ უდიდეს რეგიონულ ეკონომიკასთან ურთიერთობისთვის“, – წერს ირანის ელჩი.
ამას წინ უძღოდა ერთი დღით ადრე საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც თან ერთვოდა შავი ზღვის რეგიონის რუკა, სადაც საქართველოს მხოლოდ ნახევარი ჩანდა. პოსტში საუბარი იყო საქართველოს პოზიციის შესახებ ირანულ ავიაკომპანიებზე აშშ-ის სანქციების დაცვასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების რეჟიმს უერთდება:
„ზოგადად, ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა, თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს, ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც, რა თქმა უნდა, ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი თუ რაიმე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სანქციები დაუწესა ირანის ყველა ავიაკომპანიას, მათ შორის, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ირანულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით აშშ-ის სანქციებს დაიცავს.
