სომხეთი ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ფარგლებში ურთიერთსაპასუხო ნაბიჯებს ვერ იღებს, ხოლო ერევნის მისწრაფებები ევროკავშირის წევრობის მოლოდინში უსასრულო ლოდინით დასრულების რისკს შეიცავს – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ TASS-ს განუცხადა.

სლუცკი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას უკრაინის გამოცდილებას ადარებს და აცხადებს, რომ ერევანმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიების გარეშე აირჩია.

„ფაშინიანი, როგორც არაერთხელ მითქვამს, უკრაინის გზას იმეორებს. ერევანმა ფაქტობრივად აირჩია ევროპული ინტეგრაციის გზა ურთიერთსაპასუხო ნაბიჯების არანაირი სამართლებრივი გარანტიის გარეშე“.

მისი თქმით, სომხეთი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა.

„ერევანი გაფრთხილებული იყო: ორ სკამზე ერთდროულად დაჯდომა არ გამოვა. ან წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რაც საბაზრო და სავაჭრო უპირატესობებს იძლევა, ან ევროკავშირთან გაერთიანებისკენ რთული გზა, სადაც მოსაცდელ ოთახში უსასრულოდ დიდხანს მოგიწევს ლოდინი. თუმცა, ეს მათი არჩევანია“, – თქვა რუსეთის დეპუტატმა.

სლუცკიმ ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მოქმედმა ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვით რუსეთთან მრავალწლიანი თანამშრომლობა სერიოზული გადახედვის რისკის ქვეშ დააყენა.

მისი შეფასებით, ამ პოლიტიკამ ასევე დაასუსტა სომხეთის ეკონომიკა, რომელიც, სლუცკის თქმით, ძირითადად რუსეთის ბაზარზეა ორიენტირებული.

სლუცკის განცხადებას წინ უძღოდა ევროკომისიის პრესსპიკერის, პაულა პინიოს შეფასება, რომელმაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის 2029 წლისთვის ამოქმედებაზე საუბარს ნაადრევი უწოდა.

სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკეთა განცხადება. მათ შორის, თავად ვლადიმერ პუტინმაც ოფიციალურ შეხვედრებზე ნიკოლ ფაშინიანთან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სომხეთის ერთდროული წევრობა ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შეუძლებელია.