ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს, რომლებიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ეს განცხადება ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ ჩერვონე დ’ურსომ გააკეთა.

სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ცალკე თემატური ბლოკი საქართველოსაც ეთმობა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს:

„ევროკავშირი საქართველოს შეახსენებს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას და მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ძირს უთხრის.

ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენების გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, ასევე რეპრესიული ზომების მიღების გამო, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და დამოუკიდებელ მედიას მიმართება.

ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის თანამშრომლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების დაპატიმრებას. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს, საკუთარი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად“.